თამუნა ლეფსვერიძე - ნაგვის დაყრა, კვერცხების სროლა სამართლებრივად დასჯადი აქტია და ამას არანაირი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან
თამუნა ლეფსვერიძე - ნაგვის დაყრა, კვერცხების სროლა სამართლებრივად დასჯადი აქტია და ამას არანაირი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან

აშშ-შიც კი, სადაც გამოხატვის თავისუფლება უმკაცრესადაა დაცული კონსტიტუციის პირველი დამატებით, ის არ არის აბსოლუტური, – განაცხადა ჟურნალისტმა, თამუნა ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ისეთი რაღაცები, როგორიც არის შეურაცხყოფა, ნაგვის დაყრა, კვერცხების სროლა და სხვა, სამართლებრივად დასჯადი აქტია და ამას არანაირი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მისი თქმით, სირცხვილია, როდესაც მედიამფლობელები აცხადებენ, რომ ადამიანს თავზე მხოლოდ ნაგავი დააყარეს და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

„მედიის წარმომადგენლების მხრიდან ეს არის ამორალური საქციელი“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

როგორც ლეფსვერიძემ აღნიშნა, ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსები.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა მოდიოდეს თუ არა პოლიტიკური კულტურის ამაღლების დაკვეთა საზოგადოებისგან და არის თუ არა ეს საზოგადოების პასიურობის შედეგი, თამუნა ლეფსვერიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში და მედიაში არსებული უკულტურობა საზოგადოების პასიურობის შედეგი არ არის.

„ვის ვთხოვთ კულტურას?! როდესაც ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით კულტურაზე დაიწყეს ლაპარაკი, თავიანთივე პოლიტიკური ლიდერები ისე გალანძღეს და ისეთ დღეში ჩაყარეს, საერთოდ რომელ კულტურაზე ვსაუბრობთ?! სასამართლოში დღეს ისეთი ამბავი იყო, ჩემს კოლეგას მიკროფონი თავში არ ჩავარტყა, ეს საზოგადოებამ როგორ უნდა დამიკვეთოს? ეს ხომ ძალიან ელემენტარულია, რაც მე თვითონ უნდა ვიცოდე და მესმოდეს? კელი დეგნანი რომ პარლამენტში კუთხეში არ უნდა მივამწყვდიო და თმებში არ ვწვდე, ეს რომელმა საზოგადოებამ უნდა დამიკვეთოს? პირდაპირ ეთერში რომ რომელიმე პოლიტიკოსს არ უნდა ჰკითხო, უკაცრავად, თქვენ დღეს საცივიდან ან ბაჟიდან თავი ამოყავით თუ ჩაყავითო, ეს ჟურნალისტს, ან პოლიტიკოსს საზოგადოებამ უნდა დაუკვეთოს?“, – განაცხადა თამუნა ლეფსვერიძემ.