თამთა მიქელაძე - გვინდოდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადაეტანა, ასე არ მოხდა, მაგრამ გადაწყვეტილება ხელახალი გამოძიების შესაძლებლობას გვაძლევს
ნამდვილად ველოდით და გვინდოდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მტკიცების ტვირთი სწორედ სახელმწიფოზე გადაეტანა, მათ შორის გამოძიების ხარვეზების გამოც და დაედგინა არსებით ნაწილში დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ მოხდა, გადაწყვეტილება გვაძლევს საქმის ეროვნულ დონეზე ხელახალი გამოძიების შესაძლებლობას, – ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა.
„ამ საქმეზე სამთვიანი ვადაა გასაჩივრების დიდ პალატაში და ჩვენ არ გამოვრიცხავთ ეს მექანიზმი გამოვიყენოთ არსებითი დარღვევის არდადგენის ნაწილში. ამის შემდეგ უკვე იწყება აღსრულება და აღსრულების ეტაპზე შემოდის მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოსი, რომელიც აძლევს მთავრობას კონკრეტულ საქმეზე უფლების აღდგენისთვის ზოგად ღონისძიებებზე მითითებებს და რეკომენდაციებს.
ბუნებრივია, როდესაც დადგენილია ამ ხარისხით ხარვეზი და დარღვევა, მინისტრთა კომიტეტი გამოძიებას დაავალებს მთავრობას და უკვე ეროვნულ დონეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე გვექნება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობა.
ევროპული სასამართლო ყოველთვის ამბობს, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქმეს არსებითად სწავლობს და ან მოიძიებს მტკიცებულებებს და ამ პირობებშიც, ისევ და ისევ გამოძიების ფუნდამენტურმა ხარვეზებმა სასამართლოს წაართვა შესაძლებლობა იმ მაღალი მტკიცების სტანდარტის, რომელიც მას აქვს, არსებით დარღვევაზე ედავა“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.