თამილა ლომიშვილი - ანაკლიის ჭაობიანი ტყიდან შუაღამით გამოვიქეცი, რადგან ძალადობის მსხვერპლი ვიყავი
ხუთი წლის წინ ანაკლიის ჭაობიანი ტყიდან შუაღამით გამოვიქეცი, რადგან ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, – ამის შესახებ ძალადობის მსხვერპლმა, თამილა ლომიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ძალადობის ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა. იყო როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფის, ჩაგვრის მძიმე ფორმები. პოლიციას ვერ მივმართავდი, რადგან იმ ადამიანს ისეთი ძალაუფლება ჰქონდა, რომ ვიცოდი, იქედან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელსა“ და მეგობრებს მალულად, ტელეფონით ვუკავშირდებოდი, რომლებმაც დახმარება გამიწიეს და გამომაპარეს“, – განაცხადა ლომიშვილმა.
როგორც ძალადობის მსხვერპლმა აღნიშნა, მოძალადისგან გაქცევის შემდეგ მას მეგობრები დაეხმარნენ.
„მეგობრებმა სახლი დამიქირავეს და მუშაობა დავიწყე, რომ ელემენტარული პირობები შემექმნა. კურსი გავიარე ასევე ფსიქოლოგთან. თანდათან გავიცანი ძალადობის მსხვერპლი ქალები. აქამდე არ მეგონა, თუ შეიძლებოდა, ძალადობის მსხვერპლი ამდენი ქალი ყოფილიყო“, – განაცხადა ლომიშვილმა.
მისი თქმით, მოგვიანებით, ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის სახლი“ შექმნეს, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და სურვილის შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ, ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართონ.
„ტელეფონის ნომერს ვერ გამოვაცხადებ, რადგან ძალიან დაშინებული ვარ. თუმცა, ვიტყვი, რომ ფეისბუკზე გვაქვს გვერდი „სოლიდარობის სახლი“, რომელიც ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ. ქავერზე გაშლილი ხელის ფოტოა, წარწერით – არა ძალადობას. ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ, მესენჯერში ნებისმიერი შემთხვევის დროს მოგვწერონ“, – განაცხადა თამილა ლომიშვილმა.