თამილა ბარკალაია - მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე
თამილა ბარკალაია - მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე

მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო.

29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნესსექტორი, პირველ რიგში, აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ გაიაროს რეგისტრაცია.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, აუცილებელია ამ ეტაპის გავლა.

რაც შეეხება მეორე და ასევე მნიშვნელოვან საკითხს. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები განსაზღვრულია 01-149/ო ბრძანებით და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და stopcov.ge-ზე.

მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მთავრობის დადგენილებით, შემოწმების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, კერძოდ: მუნიციპაური სამსახურები; სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ შემოსავლების სამსახური; სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.