თამბაქოს კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, მოწევის, თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის რეგულაციების დარღვევები გამოიკვეთა
თამბაქოს კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად, მოწევის, თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის რეგულაციების დარღვევები გამოიკვეთა

თამბაქოს კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში კვლავაც გამოიკვეთა დარღვევები როგორც მოწევის რეგულაციების, ისე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის რეგულაციების მხრივ.

მათივე ცნობით, მონიტორინგის დროს ერთხელ უკვე გაფრთხილებული ან დაჯარიმებული ორგანიზაციები განმეორებით მოწმდებიან და, მოწევის აკრძალვის რეგულაციის მონიტორინგის მიზნით, მხოლოდ თბილისში განმეორებით შემოწმდა 29 დაწესებულება.

„განმეორებით დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ივლისის თვის განმავლობაში 112-ზე მობილური აპლიკაციით ინფორმაცია შევიდა მოწევის რეგულაციის სხვა დამრღვევებზე, რომელთა გამო ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლები დაჯარიმდნენ. რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის რეგულაციას, მონიტორინგის შედეგად, შემოწმებული სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში ჩვეულებრივი სიგარეტი დაფარულადაა განთავსებული, თუმცა თამბაქოს ახალი პროდუქტები (ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო) ხშირად ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად იყიდება, საერთო დახლზე, ან სტენდზე, ან სალაროსთან, რაც მოზარდების ყურადღებას იპყრობს.

შემოწმებული სავაჭრო ობიექტების 3,6%-ში შიდა სივრცეში თამბაქოს რეკლამების შემთხვევები დაფიქსირდა. რეკლამების დაახლოებით 82% თამბაქოს კლასიკური ნაწარმის, ჩვეულებრივი სიგარეტის რეკლამაზე მოდის, დანარჩენი კი – თამბაქოს ახალი პროდუქტებზე. ჩვეულებრივი სიგარეტის რეკლამა ძირითადად წარმოდგენილია თამბაქოს სტენდებზე დაკრული QR-კოდის სტიკერის სახით, რომლის დასკანერების შემთხვევაში ზოგჯერ თამბაქოს პროდუქტების ჩამონათვალი იხსნება, ზოგჯერ კი აჩვენებს გადახაზულ ასაკობრივ შეზღუდვას.

მონიტორინგის ფარგლებში, 20 ივლისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების საკითხები, კონკრეტულად სამასპინძლო სექტორში (სასტუმროები, კაფე-რექტორნები) არსებული მდგომარეობა, სექტორში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხრივ არსებული გამოწვევები (ამკრძალავი ნიშნების არარსებობა, თამბაქოს ახალი პროდუქტების მოხმარების ფაქტების გახშირება და სხვა). ტურიზმის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა თხოვნა და  28 ივლისს მის ბაზაში არსებულ სამასპინძლო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაავრცელა ჩვენ მიერ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ შეახსენებს თამბაქოს კონტროლის კანონით აღსასრულებელ რეგულაციებს.

თამბაქოს კონტროლის კანონი საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება და, შესაბამისად, გთხოვთ, გამოიჩინოთ ელემენტარული ყუარდღება და მიუთითოთ საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სამედიცინო, საგანმანათლებლო, სახელმწიფო, კერძო თუ ნებისმიერი სხვა სახის დაწესებულებების წარმომადგენელს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს, თუკი თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს) მოწევა იკრძალება, მაგრამ მოწევის ფაქტს, ნამწვს, ფერფლს ან საფერფლეს წააწყდებით. შეგიძლიათ დარეკოთ 112-ზე ან მობილური აპლიკაციით შეატყობინოთ რეგულაციის დარღვევის შესახებ და საპატრულო პოლიციელი დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას. ერთად დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.