თამაზ სოზაშვილი - ხელისუფლება „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოებას თუ ვერ დაიცავს, უნდა გადადგეს
ხელისუფლება „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოებას თუ ვერ დაიცავს და ვერ მართავს არაფორმალურ ბანდებს, უნდა გადადგეს, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა თამაზ სოზაშვილმა განაცხადა.
სოზაშვილი აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ეპიცენტრშია.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დარჩენილი დღეების განმავლობაში მიიღოს ყველა ის ზომა, რაც უზრუნველყოფს ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას. ასევე, მინდა, მივმართო საქართველოს საპატრიარქოს, ხელი შეუწყონ მშვიდობის შენებას, დადგნენ მშვიდობისა და თანასწორობისკენ.
ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ დაპირისპირებები მინიმუმამდე დაიყვანოს. თუ რაიმე დაპირისპირებას ექნება ადგილი, ბუნებრივია, ცალსახად, პასუხისმგებლობა შსს-სა და საქართველოს ხელისუფლებას ეკისრებათ.
თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ვერ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ, არაფორმალური ბანდები მართონ, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებით იმუქრებიან. თუ სახელმწიფო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. ამით სახელმწიფო მოქალაქეებს ეუბნება, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ვერ დაიცავს“, – განაცხადა თამაზ სოზაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ამასთან, სოზაშვილმა განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ თარიღს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.