თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის ჩამოშლის გამო გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.
მერიის ცნობით, ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა გვიან ღამით ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს და გზის გაწმენდის სამუშაოები მალე დაიწყება. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, კლდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების აგებულებაა.