თამარ გაბუნია - აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე
თამარ გაბუნია - აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე

პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადე თავდაცვის კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პიკურ პერიოდში.

„ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკის პერიოდი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე.

„აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია“, –  განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, იგეგმება გარკვეულ პრიორიტეტულ  ჯგუფებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება.

„ბიზნესსექტორში არის პრიორიტეტული ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში მყოფებსაც უწევთ შედარებით დახურულ სივრცეში მუშაობა. ვაქცინაციის პრიორიტეტიც შემდეგ ერთ-ერთ ეტაპზე იქნება ამ ჯგუფებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. ასევე პრიორიტეტულ ჯგუფებში იქნებიან ბაზრობებში, მაღაზიებში, მოლებში დასაქმებული თანამშრომლები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება, რამდენად სწრაფად მოხდება დამატებითი დოზების მობილიზება იმგვარად, რომ ჩვენ ყველა ჯგუფის მოცვა მოვახერხოთ.

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქებას ბიზნესისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს მსოფლიო გამოცდილებას. მაგალითად, აშშ-ში საუბრობენ ვაქცინირებული პირებისთვის ნიღბის გარეშე გადაადგილებაზე. ასევე არის საუბარი ღამის საათებში მოძრაობის შემსუბუქებაზე. ეს ყველაფერი ჯერ არის დამუშავების პროცესში. რა თქმა უნდა, მესმის, ბიზნესისთვის გარკვეული სტიმული საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ ბიზნესთან გვექნება საუბარი, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება, მოხერხდეს ერთობლივი მიზნების მიღწევა – აღნიშნა გაბუნიამ.