თამარ ტყეშელაშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში შემოსულია 322 განაცხადი
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში შემოსულია 322 განაცხადი, დილის მონაცემებით კი ეს რიცხვი 233 იყო.
მისივე თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეგისტრირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
„აღქმების, მისკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა, გავაკეთო განმარტება და ხაზგასმით ვთქვა, ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1%. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ, მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები. ამით შევწყვიტოთ რიცხვებსა და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.