თამარ ტყეშელაშვილი - „სკანდალური“ ინფორმაცია ტრიალებს, გამჭვირვალობის რეესტრს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებსო, არ დაინიშნებოდა თუ უთავო მხედარივით იარსებებდა დეპარტამენტი?
მეორე დღეა, „სკანდალური“ ინფორმაცია ტრიალებს, რომელიც ჩვენ თვითონვე გავავრცელეთ თან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის ხელმძღვანელად სანდრო კირვალიძე დაინიშნა, და რა, რომ დაინიშნა? არ დაინიშნებოდა თუ უთავო მხედარივით იარსებებდა ეს დეპარტამენტი? – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიზანი გასაგებია – მაქსიმალურად ნეგატივში, პიროვნულად შეესიოს ვინმე ამ ხალხს, თუმცა, ერთი რამ ვერ გათვალეს ვერასდროს (კარგად მახსოვს პენიტენციურის შემთხვევაც და ის ცნობილი, სამარცხვინო პერიოდი…).
საჯარო რეესტრს ბევრი რამ უნახავს, უამრავი საქმე აქვს ყოველდღიურად და არ სცალია ამ ხალხს. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში წამყვან როლსაც ასრულებს ეს სსიპ-ი (ძირითადი უფლებების რეალიზაციას რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ვერავინ განახორციელებს, სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე რომ არაფერი ვთქვა და ა.შ.).
და რეესტრი ყოველთვის აღასრულებდა და აღასრულებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, ნერგავს ყველანაირ ინოვაციას, ყოველთვის ვითარდება, და საერთოდ: კერძო სექტორშიც კი ცოტა მეგულება ასეთი პროგრესული ორგანიზაცია.
ერთი სიტყვით: ამ ხალხზე რაიმე ფორმით ზემოქმედების მოხდენას აზრი არ აქვს (არც მეუღლეების ფოტოების გამოფენა ჭრის, იმუნიტეტი აქვთ, რა ხანია, დეკაბრისტების ცოლებს (ამ შედარებისთვის რუსობასაც დამწამებენ, სავარაუდოდ) მაგრამ ვინც არ იცის – პროგრესულ დეკაბრისტებს იმპერიალიზმი, ბელადომანია და იმ დროისათვის უკვე წამოჩიტული კომუნისტებიც არ მოსწონდათ. Ჰოდა, აღარაა ბოლშევიზმის დრო. არსებობს სხვა ფორმებიც და ყველაფერს ვერ ვასწავლი, მეც არ მცალია.
და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ამ კონკრეტულ პოსტზე კომენტარებს დავხურავ (უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომელი მყავს დათაგული და ჩვენზე რამდენიც უნდა იმდენი მწეროს ვინმემ. აი, თანამშრომელზე კი კარგის მეტის მოსმენას არ ვაპირებ). მაქვს მე სხვა ყველა პოსტი (ღია კომენტარებისათვის) და მანდ ყველას შეუძლია, დააფიქსიროს მოსაზრება, თუ რატომ შეიქმნა შესაბამისი დეპარტენტი და რატომ ვახორციელებთ კანონის იმპლემენტაციას.
წარმატებები ყველას, რაღაცები გაივლის და ისე არ ვქნათ, რომ ამ ხალხთან ქუჩაში შეხვედრის შერცხვეს ოდესმე ვინმეს ისევ საკუთარი სისუსტეების გამოვლენისა და რაღაცების პიროვნულში გადატანის გამო (ვინმე ვინმეს თუ არ პასუხობს, არ ნიშნავს, რომ პასუხი არ შეუძლია, პირიქით. ამის ცოდნაც ელემენტარული მგრძნობელობაა)“, – წერს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.