თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს სიტყვით მიმართა
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, ლიინდერ ვერბეეკს სიტყვით მიმართა.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მნიშვნელობაზე დეცენტრალიზაციის, დემოკრატიისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა განმტკიცებისთვის, გლობალური განვითარების ინიციატივების ლოკალურ დონეზე გამყარებისთვის.
მათივე ცნობით, ხაზი გაუსვა საქართველოსა და კონგრესს შორის ნაყოფიერ და ეფექტურ თანამშრომლობას. მადლობა გადაუხადა კონგრესის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე წარმატებული დეცენტრალიზაციის რეფორმის მხარდაჭერისა და განხორციელებული პროექტებისთვის.
„საქართველოს ელჩი მიესალმა კონგრესის მიერ ღიად და ხმამაღლა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის დაგმობასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიესალმა კონგრესის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებას, უკრაინაში რუსეთის აგრესიის კონტექსტში.
თამარ ტალიაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები წარმოადგენდა და მიესალმა, კონგრესის მიერ აღნიშნულ საკითხზე მაღალ დონეზე მუშაობას.
თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოს ისტორიულ მეოთხე სამიტის მოსამზადებელ პროცესში კონგრესის ჩართულობასა და სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.