თამარ ტალიაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მკვეთრად შემცირებული სარჩელების რაოდენობა ბოლო წლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა რეფორმების წარმატების დადასტურებაა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, სიოფრა ო’ლეარისთან შეხვედრა გაიმართა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა თავის მიმართვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ისაუბრა 2014, 2019, 2021, 2023 წლების გადაწყვეტილებების თაობაზე, რითიც დასტურდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი.
ელჩმა აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, რათა რუსეთმა აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა იმ სამართლებრივ ნოვაციებსა და ახალ მექანიზმებზე, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ დანერგა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში პროაქტიური გამოყენების კუთხით.
თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი ინდივიდუალური სარჩელების მკვეთრ კლებას. მან აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მკვეთრად შემცირებული სარჩელების რაოდენობა და ხასიათი წარმოადგენს უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებული სისტემური ცვლილებების ინდიკატორს და ადამიანის უფლებათა რეფორმების წარმატების ნათელი დადასტურებაა.