თამარ ტალიაშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული საკმაოდ მძიმე შეცდომა იმ პარტიებმა გამოიყენეს, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური კრიზისის შექმნას
თამარ ტალიაშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული საკმაოდ მძიმე შეცდომა იმ პარტიებმა გამოიყენეს, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური კრიზისის შექმნას

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული საკმაოდ მძიმე შეცდომა იმ პარტიებმა გამოიყენეს, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური კრიზისის შექმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისის შექმნა ის საქმე არ არის, რომელსაც ადამიანი ქვეყნის სიყვარულით გააკეთებდა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული შეცდომა საკმაოდ მძიმე იყო. პრაქტიკულად, ამგვარი შეცდომა გამოყენებული იყო ოპოზიციისა და იმ პარტიების მხრიდან, ვინც ხელოვნურად ცდილობენ, რომ ქვეყნაში პოლიტიკური კრიზისის შექმნას. დღეს მსოფლიოში ისეთი გამოწვევაა, რომელიც კაცობრიობას საუკუნის განმავლობაში არ უნახავს და ამის ფონზე, ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისის შექმნა ის საქმე არ არის, რომელსაც ადამიანი ქვეყნის სიყვარულით გააკეთებდა. პირიქით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, რომ პროგრესი გავაგრძელოთ. „სამართლიანი არჩევნების“ გასაკეთებელ საქმეს – თვითკრიტიკისა და თვითანალიზის საქმეს – ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ გააკეთებდა. ეს მათი გასაკეთებელი საქმე იყო. ის, რომ ცდომილება არსებობდა, ამის ეჭვი შეიქმნა და ლოგიკური იყო ამ ანალიზის გაკეთება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არითმეტიკული გაანგარიშებით დაადგინა უხეში ხარვეზი, თუმცა ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დაისვა, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა“. საპასუხოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ „არაფერს მალავდნენ, ჰქონდათ სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე მუშაობდნენ“.