იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი აცხადებს, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გარკვეულ რეკომენდაციებს იზიარებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი აცხადებს, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გარკვეულ რეკომენდაციებს იზიარებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, თამარ ონიანს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევა, რომელიც საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის სამართლებრივ და ტექნიკურ ანალიზს ეხება, მნიშვნელოვანია.

თამარ ონიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭო, ორგანიზაციის მიერ წარდგენილ გარკვეულ რეკომენდაციებს იზიარებს, არსებობს რამდენიმე საკითხი, რაშიც კვლევის ავტორებს საბჭო პრინციპულად არ ეთანხმება.

„ჩვენი პოზიციაა, რომ კოლეგიის შემადგენლობების დაკომპლექტება ხდება გარკვეული პერიოდულობით და ეს არ უკავშირდება საქმის სასამართლოში შემოსვლას. ეს არის ნორმატიული შინაარსის აქტით განსაზღვრული პროცესი, რომელიც ისე არის გადაწყვეტილი, რომ წინასწარ შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულ კოლეგიაში რა საქმე შემოვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, – განმარტა თამარ ონიანმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც ეხება სასამართლოს თავმჯდომარის ჩარევის ალბათობას, საქმეზე მოსამართლის აცილების შემთხვევაში ხელახლა გადანაწილებისას, თამარ ონიანს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი კანონით ნათლად არის დარეგულირებული და თავმჯდომარეს პროცესში მინიმალური ფუნქცია აქვს.

„საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ აცილებული საქმე გადაეცეს კოლეგიის თავმჯდომარეს და შემდეგ ეს საქმე გადასცეს სხვა მოსამართლეს. გამოითქვა მოსაზრება, ხომ არ შეიძლება კოლეგიის თავმჯდომარემ საქმე გადასცეს კონკრეტულ მოსამართლეს და წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ორგანული კანონის მოთხოვნა შემთხვევითი განაწილების პრინციპთან“, – განმარტა თამარ ონიანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კვლევაზე იმსჯელა, რომელიც საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის სამართლებრივი და ტექნიკური ანალიზს ეხება.