თამარ მახარაშვილი - ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის მხოლოდ ექსპერტების გეგმა და არ არის მასწავლებლის გეგმა, ეს არის სასკოლო საზოგადოების გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის მხოლოდ ექსპერტების გეგმა და არ არის მასწავლებლის გეგმა, ეს არის სასკოლო საზოგადოების გეგმა, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.
„მთლიანად სასკოლო საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რა წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. პირველი, რაც ცვლილებებით გაკეთდა, არის ის, რომ სიცხადე შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და ცხადი და გასაგები გახდა, რას ვითხოვდით. ძალიან ხშირად არის კონკრეტული მაგალითების, რეკომენდაციების მიცემა და, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე კარი იყო რეკომენდაციების მთელი პაკეტი. მასწავლებლები სულ გვეუბნებოდნენ, აქ რომ ასეთი რეკომენდაცია წერიაო? რეკომენდაცია არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ამ გზას უნდა გაჰყვე, მაგრამ ყოველთვის იყო აღქმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში რომ რეკომენდაცია წერია, ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, პირველ კართან დაკავშირებით ცხადი გავხადეთ ყველაფერი, რას ვითხოვთ ჩვენ სწავლა-სწავლების პრინციპიდან გამომდინარე“, – განაცხადა მახარაშვილმა.
მისი თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მაგრამ ყველაზე მეტი კითხვა წამოვიდა ერთ-ერთ ჩანაწერზე, სადაც საუბარია განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტებზე.
„იქ არის ჩანაწერი, რომ გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების სავალდებულოობა. განმსაზღვრელი შეფასება არსად არ წასულა, ის დარჩა, მაგრამ კომპონენტები, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით სავალდებულო იყო იმისთვის, რომ ნიშანი დაწერო, საკლასო დავალება, საშინაო დავალება და შემაჯამებელი, ამ კომპონენტებისგან შედგებაო. აქ არის სწორედ ჩანაწერი, რომ გვაქვს ლავირების საშუალება. ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ არ გამოიყენოთ ეს კომპონენტები. რა თქმა უნდა, ეს არის მასწავლებლის, სკოლის და სასკოლო საზოგადოების გადასაწყვეტი“, – განაცხადა მახარაშვილმა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს ყველაფერი ისევ და ისევ სკოლის ავტონომიურობისკენ არის მიმართული.
„რისკენ არის ეს მიმართული? ისევ სკოლის ავტონომიურობისკენ, ისე, რომ მასწავლებელს არ ჰქონდეს განცდა, რომ მინდა, პროცესი უფრო შემოქმედებითი გავხადო და ამ ჩანაწერებით ამის საშუალება არ მეძლევა. არა ბიუროკრატიას და მეტი შემოქმედებითობა არის მთავარი მიმართულება“, – განაცხადა მახარაშვილმა.
მისივე თქმით, სკოლისთვის მეტი ავტონომიურობის მიცემის პარალელურად და, მათ შორის, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების კვალდაკვალ, არსებობს მთელი რიგი გამოწვევები სასკოლო საზოგადოებაში.
„აქ გვაქვს გამოწვევები, ეს უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ აქ არის გამოწვევები. ამ მიმართულებითაც, თუ კულტურა არ ჩამოყალიბდა, რთული იქნება. ხშირად გვაქვს ხოლმე უკუკავშირი, როცა მშობლები ითხოვენ პროცესებში მეტ ჩართულობას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსწავლეები ითხოვენ. მათგან მიღებულ უკუკავშირს აქვს ნამდვილად ოქროს ფასი და როგორ უზრუნველვყოთ ეს, რომ ავტონომიურობის, მეტი დამოუკიდებლობის მიცემ-მოცემის პროცესში სასკოლო საზოგადოების ხმა გვესმოდეს. სკოლის ლიდერისგან, რომელიც თვითონ არის ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში, ამას ველოდებით, რომ ის ვერ იქნება მხოლოდ ერთი და გადაწყვეტილების მიმღები. მგონია, რომ, აი, ამ კულტურის ჩამოყალიბებაც არის ძალიან მისახედი და ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი გვაქვს ერთად სამუშაო“, – განაცხადა მახარაშვილმა.
თამარ მახარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ, რეალურად, ეროვნული შეფასებები საფეხურებს შორის არ არის და სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს.
„რეალურად, გასაუმჯობესებელი კი არა, შემოსატანია, ეს ტრადიციაც აღსადგენია და მისახედია. ყოველ შემთხვევაში, უნდა იზომებოდეს. ეს რა ფორმით მოხდება, როგორ და რანაირად, ამაზე ვმუშაობთ. ეს იქნება საფეხურებრივად თუ როგორ, ამ მიმართულებითაც ძალიან მალე წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას, ჩვენს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ძალიან მახარებს, რომ ჩვენი მასწავლებლებისგან ძალიან ჯანმრთელი, სწორი უკუკავშირი მოდის“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.