თამარ ლუკავა - პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე უარი უთხრა
თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე პროკურატურამ სახალხო დამცველს უარი უთხრა.
ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა.
მან ბაია პატარაიასთან ერთად კავშირ „საფარის“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა. ადვოკატი ამბობს, რომ უარის მოტივი პროკურატურას არ განუმარტავს.
„არ არის განმარტებული მოტივი, რატომ ეთქვა უარი სახალხო დამცველს საქმის მასალების გაცნობაზე. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სავარაუდოდ, რაღაც დასამალი აქვს პროკურატურას, რადგან ჩვეულებრივ გახმაურებულ საქმეებზე და არა მარტო გამხმაურებულ საქმეებზე, ისეთებზეც, რომელსაც გრიფი ადევს, სახალხო დამცველს ჰქონდა წვდომა. ჩვენს საქმეზე თავიდანვე მაქსიმალური საჯაროობა იყო და დაზარალებული ითხოვდა, საქმის ყველა დეტალი გასაჯაროვებულიყო“,- აღნიშნა თამარ ლუკავამ.
ამასთან, ადვოკატი გეგმავს, თავად მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს, სახალხო დამცველს საქმის მასალები გააცნონ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, საგამონაკლისო წესით დაეშვათ სახალხო დამცველის აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საუბარია საქმეზე, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.
ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ამასთან, პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.