თამარ ლალიაშვილი - 2006 წელს ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოში იმიტომ დანიშნეს, რომ ოთხი მოსამართლის გათავისუფლებაზე ხელი მოეწერა
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, თამარ ლალიაშვილმა, რომელიც სასამართლოდან 2006 წელს გაათავისუფლეს, სტრასბურგში დავა მოიგო.
როგორც თამარ ლალიაშვილმა განაცხადა, სტრასბურგმა საქართველოს ფინანსური სანქცია 10 ათასი ევრო დააკისრა.
მისივე განმარტებით, დავას გააგრძელებს ხელფასის განაცდურზე, პენსიასა და მორალური ზიანის კონპენსაციისთვის.
საუბარია 2006 წელს უზენაესი სასამართლოდან ოთხი მოსამართლის, თამარ ლალიაშვილის, ნინო გვენეტაძის, მურმან ისაევისა და მერაბ ტურავას გთავისუფლებაზე.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, ოთხივე მოსამართლის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე ლევან მურუსიძეს აქვს ხელი მოწერილი.
„ლევან მურუსიძე იყო ერთ-ერთი, ვინც ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უზენაესი სასამართლოდან ოთხი მოსამართლე გაგვათავისუფლეს. ხაზს გავუსვამ, რომ ლევან მურუსიძე დანიშნეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ და შედიოდა სადისციპლინო პალატაში. პარლამენტმა მისცა ხმა მურუსიძის კანდიდატურას, რადგან მისი დანიშნულება სწორედ ჩვენი გათავისუფლება იყო. შემდეგ გაგრძელდა გადაწყვეტილებები, როგორიც იყო მოლაშვილის საქმე და ა.შ. ლევან მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებების შედეგია უზარმაზარი სანქციები, რომელიც ჯერ კიდევ ეკისრება სახელმწიფოს. ძალიან ბევრი საქმეებია, რომლის ავტორიც არის ლევან მურუსიძე“, – განაცხადა ლალიაშვილმა.