თამარ კორძაია - სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული ორგანიზაციებიდან, 677 250 ლარი „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ორგანიზაციებზე გადანაწილდა
ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრი თამარ კორძაია იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.
კორძაიას თქმით, 2020 წლის 6 თებერვალს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სახელმწიფო სახსრებით დაფინანსდა 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მისივე განცხადებით, ჯამში 1 687 500 ლარიდან 677 250 გადანაწილდა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
„ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებდით, რომ არა წულუკიანის დაუსაბუთებელი განცხადება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც აკვირდებიან საარჩევნო გარემოს. მან განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავშირებული არიან ოპოზიციურ პარტიებთან და ემზადებიან არეულობებისთვის. მინდა, მას საპასუხოდ ვუთხრა, რომ 2020 წლის 6 თებერვალს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდა 30 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული სქემა წარადგინა, რომლის თანახმად, 129 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.