თამარ კორძაია - რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი მომავალ კვირას დადგება დღის წესრიგში და ვინც ვერ მოახერხებს მოსვლას, ხმის მიცემას, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება
ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი მომავალ კვირას დადგება დღის წესრიგში.
როგორც კორძაიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციიდან ვინც პარლამენტში მისვლას და ხმის მიცემას ვერ მოახერხებს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება.
„უკვე აზრი არ აქვს საუბარს, რისი პრობლემა იყო. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად მაღალი ხარისხის, რომ არ შეიძლება, გაგვერისკა. როგორც კი გავიგეთ, რაოდენობა საკმარისი არ იყო, პრეზიდენტს ვთხოვეთ, რიგგარეშე სხდომა არ ყოფილიყო მოწვეული. ამერიკის შეერთებული შტატები მოსამართლეებს როცა ასანქცირებს, პარლამენტის ვალდებულებაა, შეისწავლოს სხვა მოსამართლეების საქმიანობა, რადგან ეს არ არის ჩვენი შიდა პრობლემა, საერთაშორისო პრობლემაა. ამერიკა 30 წელზე მეტია, სასამართლოს ასაშენებლად გვეხმარება და ამერიკელი ხალხის ფულს გვაძლევს. ამ ფონზე, ვინც ჩათვლის, რომ პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ზედმეტია, იმას არ ესმის, რა პასუხისმგებლობა აქვს, როცა პარლამენტშია. ჩვენ მოვიქეცით გონივრულად, რადგან საკითხი არ ჩავაგდეთ. საკითხი მომავალ კვირას დადგება დღის წესრიგში და ვინც ვერ მოახერხებს მოსვლას, ხმის მიცემას, უხერხულობაში ჩავარდება. სხდომის თარიღი წინასწარ იყო ცნობილი და რაოდენობა გავლილი იყო. როგორც კი გავიგე, რომ საკმარისი რაოდენობა არ არსებობდა, მიზეზების გარკვევა არ დამიწყია, მთავარია, საჭირო ხმები მოგროვდეს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ოპოზიციამ პრეზიდენტს გუშინ, 10 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.
მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.