თამარ კორძაია - ვთავაზობთ ხელისუფლებას, ჯერ დაარეგისტრიროს ჩვენი და თავისი კანონპროექტები, შემდგომ დავიწყოთ დისკუსია
ვთავაზობთ ხელისუფლებას, ჯერ დაარეგისტრიროს ორივე კანონპროექტი და შემდგომ დავიწყოთ დისკუსია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაია ეხმაურება საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველ ივლისს გეგმავს. ამასთან თამარ კორძაია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგის, დისკუსიის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს სთავაზობს, როდესაც 20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ
„ის განაცხადი, რაც გააკეთეს, რომ ხვალ „ქართული ოცნება“ აკეთებს პრეზენტაციას, ეს არ არის ხელისუფლების საუბარი საზოგადოებასთან, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ სწორედ საპარლამენტო ფორმატში, რომელშიც ხელისუფლება გამოხატავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, მან დაიწყოს განხილვა.
ერთობლივი განხილვა დაიწყოს და ერთობლივი მოლაპარაკებით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, დისკუსიაა მთავარი და არა ის, წამოვიდნენ თუ არა ისინი დათმობაზე. ჩვენ გაცილებით მაღალ სტანდარტს ვთავაზობთ ხელისუფლებას დიალოგის, დისკუსიის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების. სწორედ ეს გვინდა, რადგან 300 ათასი ადამიანი, ვინც ხელს აწერს ამ ინიციატივას, ისინი არ არიან უგულებელსაყოფი. ვთავაზობთ ხელისუფლებას, ჯერ დაარეგისტრიროს ორივე კანონპროექტი და შემდგომ დავიწყოთ დისკუსია“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პირველ ივლისს გეგმავს. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების“ მიერ პირველ ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობას არ აპირებს. პრეზენტაციაზე მისვლას არ აპირებს ასევე არც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და წარმომადგენლობითი საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ.