თამარ ხულორდავა - სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება
თამარ ხულორდავა - სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, უპასუხისმგებლობაა, მნიშვნელოვან თემებზე ყოველგვარი სპეკულაციები და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

„განგაშისთვის საფუძველი არ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, ასევე იმ ინფორმაციით, რომელიც მიღებული გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, ეს ინფორმაცია არ დასტურდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გადმოუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამ მხრივ განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჩვენი სამართალდამცავები ინფორმირებულები არიან, ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც ინფორმირებულები არიან. ყველამ შევიკაოთ თავი უპასუხისმგებლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – განაცხადა ხულორდავამ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.