თამარ ხულორდავა - შენგენის ტერიტორიაზე ზოგიერთის არაკეთილსინდისიერი ქცევა შესაძლოა, ქვეყანას ძვირი დაუჯდეს
თამარ ხულორდავა - შენგენის ტერიტორიაზე ზოგიერთის არაკეთილსინდისიერი ქცევა შესაძლოა, ქვეყანას ძვირი დაუჯდეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რაიმე რეალური საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ გარკვეული სირთულეები არსებობს, რომელიც რიგ ქვეყნებში შეიქმნა, რასაც მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა და ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

პირველ არხთან საუბარში თამარ ხულორდავა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ საგანგებო თათბირი გაიმართა, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებაში კოორდინირებული ქმედებები დაიგეგმოს, რომელიც იმას მოემსახურება, რომ თუკი რაიმეს გაუმჯობესება შეიძლება, მექანიზმები დაიხვეწოს, რათა დამატებითი პრობლემები არ გაჩნდეს და ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნას.

„ეს ზომები დროულად და ეფექტურად უნდა იყოს მიღებული. რეადმისიასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას მივესალმები, რადგან ასეთ შემთხვევაში ფინანსური ბერკეტი მნიშვნელოვანია და შეიძლება, ამან პრევენციული როლი ითამაშოს, რადგან მოქალაქეს, რომელმაც იცის, რომ დადგენილი სანქციების გარდა, კიდევ შეიძლება რეადმისიის ხარჯების ანაზღაურებაც მოუწიოს, შეიძლება ამით დამატებითი მოტივაცია შეექმნას, რომ სავიზო რეჟიმი არ დაარღვიოს. რაც შეეხება გვარის შეცვლას, ამ პროცედურაში გარკვეული სიცხადის შეტანაა საჭირო, რადგან არ შეიძლება ამის გაკეთება სრულიად აიკრძალოს. შეიძლება, ამის ლეგიტიმური საფუძვლები არსებობდეს და ეს მოქალაქის უფლება უნდა იყოს, მაგრამ ალბათ, ამ საკითხის გარკვეული ჩარჩოებში მოქცევა აუცილებელია და ესეც კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარეობს. საზოგადოების მუდმივი ინფორმირება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება“, – აღნიშნავს დეპუტატი.

თამარ ხულორდავა ფიქრობს, რომ ქართულმა მხარემ აქტიური ქმედებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს კრიმინალური ქმედებების გამოვლენასა და მათთან გამკლავების პროცესში ხელი უნდა შეუწყოს, რათა პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ამას ევროკავშირში ჩვენი პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ. თუმცა გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება ძალიან მომეწონა, რომ პოლიციის ატაშეების გაფართოება და გააქტიურება იგეგმება. კერძოდ, იმ ქვეყნებში მივლენა მოხდება, სადაც არ გვყავს და მათ კონკრეტული მითითებები ექნებათ მიღებული. პირადად მინისტრის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები იყოს იმ სახელმწიფოებში, საიდანაც სიგნალები გვაქვს, რომ რაღაც სირთულეები არის ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით“, – აცხადებს ხულორდავა.

კანონმდებელი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობის მოთხოვნასაც ეხმაურება და ყურადღებას ვიზა ლიბერალიზაციის მიღების პროცესში გერმანიის პოზიციებზე ამახვილებს.

„ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკების პროცესში, გერმანიასთან გარკვეული სირთულეები გვქონდა. თქვენ იცით, რომ სრულიად მოულოდნელი, კამპანიური ხასიათი ჰქონდა და პრესაში აქტიურად იწერებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა გარკვეული დანაშაული ჩაიდინეს, რამაც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას დაბრკოლებები შეუქმნა. სწორედ ამის გამო იყო, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გერმანიის შესაბამის სამსახურებთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო არა მხოლოდ ფედერალურ დონეზე, არამედ მიწების დონეზეც.  რაც შეეხება პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, ამის შესახებ მეც ვიცი. ის ფაქტი მართლაც დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მინისტრმა ფედერალური მინისტრის მიმართ მიმართვა გააკეთა, რაც თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თვალსაზრისით, ამ წუთისთვის რაიმე საფრთხე არსებობს, რადგან ამის მოთხოვნა მხოლოდ ფედერალურ ხელისუფლებას შეუძლია, მაგრამ ის, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი მიწის მიერ დაისვა, საყურადღებოა და ამას უნდა ვუფრთხილდეთ“, – აცხადებს დეპუტატი.

თამარ ხულორდავა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების თვალსაზრისით, პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეებს აკისრებს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შენგენის ტერიტორიაზე ზოგიერთის არაკეთილსინდისიერი და დანაშაულებრივი ქცევა შესაძლოა, მთელ ქვეყანას და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონმდებლობის სრული დაცვით სარგებლობენ, ძალიან ძვირი დაუჯდეთ.

„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა,  უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით ვისარგებლოთ. თუმცა ქართველები უფრო მეტ დანაშაულს ნამდვილად არ ჩადიან, ვიდრე რომელიმე სხვა ერი. ჩვენ კრიმინალების ერი არ ვართ და უამრავი ქართველი ევროპაში ძალიან პატიოსნად თავის საქმეს ემსახურება, კარგ საქმეს აკეთებს და თუ ამ რეჟიმით სარგებლობს, მხოლოდ კანონმდებლობით დაცული მოთხოვნების ფარგლებში სარგებლობს. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები იმიჯს გვიფუჭებს. შეიძლება ისეც იყოს, რომ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის უფრო დიდ პრობლემად წარმოჩენა ხელოვნურადაც ხდებოდეს, რადგან სულ 3 მილიონ 700 ათასი ვართ და მთელი ევროპის მასშტაბით დანაშაული რამდენმა ქართველმა უნდა ჩაიდინოს? იმდენად მცირერიცხოვანი ერი ვართ, შეუძლებელია, ჩვენი მასშტაბით ევროპა იყოს შეწუხებული. მაინც არის კერები, სადაც კონცენტრაცია მეტია და ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშაოს და დროული რეაგირება მოახდინოს, თუმცა ამაზე პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაგვეხმარონ“, – აღნიშნავს ხულორდავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ძალოვანი მინისტრებისა და იუსტიციის მინისტრის მონაწილეობით დღეს საგანგებო თათბირი გამართა, სადაც აღინიშნა, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარდგენილი იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით,  რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისრებათ, ხოლო  გვარის შეცვლის პროცედურები გამკაცრდება.

მთავრობის ხელმძღვანელის მიერ გამართულ თათბირს წინ გერმანული  WDR-ის ინფორმაცია უსწრებდა, სადაც აღნიშნული იყო, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.