თამარ ხულორდავა - ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერ
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.
ხულორდავას თქმით, არ ფლობს საკმარის ინფორმაციას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ხმა მისცეს.
„ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პირადად მე მხარს არ დავუჭერ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო გადაწყვეტილებაა. მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას დავუჭირო მხარი. ამას ძალიან მნიშვნელოვანი საფუძვლებით გამყარებული ინფორმაცია სჭირდება, რომელიც ჩემთვის ცნობილი არ არის“ ,- განაცხადა ხულორდავამ.
კითხვაზე, ნიკა მელიას მიმართ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე იკვეთება თუ არა პოლიტიკური მოტივი, ხულორდავამ ასე უპასუხა: „ეს ყველაფერი შეფასების საკითხია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს. ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება, დრო დასჭირდეს. როცა მის მიმართ საპატიმრო ღონისძიება გამოყენებული არ არის, არის ხოლმე, რომ საქმეების განხილვას დიდი დროს სჭირდება. თავისთავად, ძალიან უცნაური დამთხვევაა და ამაზე კითხვის მიშნებს ვერ გავექცევით“.
რაც შეეხება იმას, რომ ხულორდავამ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას თავის დროზე მხარი დაუჭირა, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ ეს სხვა თემა იყო.
„ეს სხვა თემა იყო და მე მაშინ ამას მხარი დავუჭირე. მხარი დავუჭირე იმას, რომ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ზედმეტი დაცვის, იმუნიტეტისა და გარანტიების გარეშე მისი საქმე სასამართლოს განეხილა“ ,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.