თამარ ხულორდავა - მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ბრიუსელი შეირჩა პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად.
„ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი უკეთესი მომავლის, მშვიდობისა და განვითარების საფუძველია. ტუსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საიმედო და სანდო პარტნიორია რთულ რეგიონში, სადაც საქართველოს, როგორც კონსტრუქციული პარტნიორის როლი, უდიდესია. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩვენს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ პერიოდში შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი, სტაბილურ, დემოკრატიულ, დინამიური ეკონომიკური გარემოს მქონე სახელმწიფოდ ფორმირების გზაზე. ძალიან კარგი სტარტია”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.