თამარ ხულორდავა - მიუღებელია ოპოზიციის ბრალდება, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე არაფერს აკეთებს
თამარ ხულორდავა - მიუღებელია ოპოზიციის ბრალდება, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე არაფერს აკეთებს

რუსეთთან უკიდურესად დაძაბული ვითარება გვაქვს. საოკუპაციო ხაზზე მუდმივად გარკვეულ პროვოკაციებს აქვს ადგილი, იცით, რომ ამჟამად, ერთ-ერთი ასეთი ინციდენტია სახეზე, ცოტა ხნის წინ, რვა მოქალაქე იყო გატაცებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებთან საუბარში განცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი სახის პროვოკაციებს მუდმივად აქვს ადგილი.

„ამ საკითხებზე გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. ჩვენთვის მთავარია საზოგადოების უსაფრთხოება. საქართველომ იცის, რა არის პროვოკაციებზე წამოგების ფასი, ეს კინო ნანახი გვაქვს. ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, თუ რა შედეგებთან შეიძლება, საქმე გვქონდეს თუ იმ პროვოკაციებს წამოვეგებით, რასაც რუსეთის მხრიდან ადგილი მუდმივად აქვს. ეს იქნება ჩვენი პასუხი. რას ვაკეთებთ საერთაშორისო ასპარეზზე? – ძალიან არადამაჯარებელი პოზიციაა ოპოზიციის მხრიდან, როცა ხელისუფლებას უმოქმედობაში გვადანაშაულებს, რადგან ბევრი რამე კეთდება საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც ის, რომ ახლა შვედეთის დელეგაცია სტუმრობს საქართველოს პარლამენტს.

„ასეთი ვიზიტი ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება მხოლოდ, ერთი საპარლამენტო მოწვევის ფარგლებში და პირველი, რაც მათ გააკეთეს, საოკუპაციო ხაზთან მისვლა იყო. ეს მკაფიო მხარდაჭერაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ოპოზიციის ბრალდება, რომ არაფერი კეთდება საერთაშორისო ასპარეზზე, მიუღებელია“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატის თქმით, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს ყველა ფორმატში, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან, ასევე რეზოლუციები გვაქვს, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა მიღებული.

„ოპოზიცია საუბრობს, რომ სანქციებზე საუბარი უნდა გავააქტიუროთ, თითქოს, რუსულ აგრესიას ეს შეაჩერებს, თუმცა უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ ოკუპაციას არ აჩერებს. მთავარია, ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანად მოვახდინოთ“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენი იმყოფება. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ნორლენი ქართველ კოლეგა არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, შეხვედრაში დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.