თამარ ხულორდავა - ანატოლი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა
თამარ ხულორდავა - ანატოლი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა

სერბეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა.

„ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებით. აუცილებელია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა. ბიბილოვს არ შეხვედრია სერბეთის ხელისუფლების არც ერთი ოფიციალური პირი, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ბუნებრივია, მას არ შეხვედრია არც სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი, ვისაც დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ“, – აღნიშნა ხულორდავამ.

მისი თქმით, ბიბილოვი ესტუმრა რესპუბლიკა სერბსკას, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის სახელმწიფოში შემავალი ავტონომიური ერთეულია, თუმცა ამ სტუმრობას ოფიციალურ ვიზიტად არც ბოსნიის სახელმწიფო აღიარებს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიბილოვი შეხვდა სერბეთის პატრიარქს და ამასთან დაკავშირებით თვითონ სერბეთის პატრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება. მან თქვა, რომ ეს იყო პირადი ხასიათს, არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც პირადი კონტაქტების გამოყენებით შეთანხმდა.

როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმან გამოიწვია, რომ ბიბილოვი ესტუმრა რესპუბლიკა სერბსკას, რომელიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინის სახელმწიფოში შემავალი ავტონომიური ერთეული. ამ ვიზიტსაც ოფიციალურ ვიზიტად არ აღიარებს ბოსნიის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სერბეთი ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და ინტერესი გვაქვს. ამასთან, სერბეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ურთიერთობის გაღრმავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების ურთიერთგაზიარება“, – აღნიშნა ხულორდავამ.