თამარ ხულორდავა - ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და მხოლოდ 600-ს ეთქვა უარი
თამარ ხულორდავა - ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და მხოლოდ 600-ს ეთქვა უარი

ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტის შემდეგ ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით საქართველოდან 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განუცხადა.

მისი თქმით, მონაცემები გასული წლის 28 მარტიდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

“ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საზღვრის კვეთიდან გამომდინარე, ანუ საქართველოდან პირდაპირი რეისით ვინც მიემგზავრება შენგენის ზონაში. იანვრის ბოლოსთვის, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, გასული წლის 28 მარტის შემდეგ უვიზო მიმოსვლით 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ 1tv.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში 600 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირის ქვეყნებში და ეს არის ძალიან მცირე რიცხვი.

თამარ ხულორდავას განმარტებით, ყველა შემთხვევაში უარის თქმა დაკავშირებული იყო კონკრეტულ ობიექტურ გარემოებებთან, ან პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, ან დოკუმენტი აკლდა, მაგალითად არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რასაც ითხოვენ ხოლმე საზღვარზე

„600 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს ევროპის ქვეყანაში, შეიძლება ოდნავ მეტი და ეს არის ძალიან მცირე რიცხვი. ყველა შემთხვევაში უარის თქმა დაკავშირებული იყო კონკრეტულ ობიექტურ გარემოებებთან, ან პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, ან დოკუმენტი აკლდა, მაგალითად არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რასაც ითხოვენ ხოლმე საზღვარზე.

რაც შეეხება მათ, ვინც უკან აღარ დაბრუნდა, ამ მონაცემებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი ჩვენ ზუსტად ვერ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, ვინც უკან არ ბრუნდება დადგენილ ვადაში, არ ნიშნავს, რომ თავისთავად არღვევს სავიზო რეჟიმს. აქ შედიან ადამიანები, ვინც შეიძლება გავიდა მესამე ქვეყანაში, ანუ საქართველოში არ დაბრუნდა, მაგრამ რომელიმე სხვა ქვეყანაში გადავიდა შენგენის ზონიდან. შეიძლება ასევე იყვენენ ადამიანები, ვისაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და შესაბამისად ჰქონდეთ ლეგიტიმური უფლება იქ დარჩენის. ასევე არიან ისინიც, ვინც მოკლე ვადით გაემგზავრა და შეიძლება იქ ადგილზე მიიღო უკვე ლეგიტიმური უფლება დარჩენის – სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე რომ, ამ ციფრს ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით. ზოგადად, დარღვევების დიდი ციფრი არ გვაქვს, რომ რამე განგაშის საფუძველი შეიქმნას. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროკომისიის ანგარიშებით და საგაგაშო ტენდენციები არც იმ ანგარიშებშია. პირიქით აღნიშნულია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს სწორად საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ 1tv.ge-სთან ინტერვიუში.