თამარ გაბუნიამ განმარტა, რა ფაქტორებით ხელმძღვანელობს სამინისტრო კორონავირუსის ტესტების შეძენისას
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გამომვლენი ტესტების შეძენისას სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობს.
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ტესტი იყოს რეგისტრირირებული ქვეყანაში. რეგისტრაცია არის გარკვეულწილად ფილტრი, რათა ჩვენ ვიცოდეთ მწარმოებელი, ვიცოდეთ ქვეყანა, ვიცოდეთ ასევე რაიმე, აქამდე ისტორიულად ხომ არ აღინიშნებოდა ტესტის საქმიანობაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
გარადა ამისა, თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შესყიდვაში, გამოსცემენ გარკვეულწილად სარეკომენდაციო, ანუ სანდო მიმწოდებლების ნუსხას.
„ეს არის ჩვენთვის ვერიფიკაციის წყარო, რომ ვიცოდეთ, ტესტი მაღალი ალბათობით იქნება სარწმუნო. რა თქმა უნდა, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ წინასწარ, ყველა შესასყიდი ტესტის ვალიდაცია გავაკეთოთ. არც შესყიდვის პროცედურაში არ არის ამგვარი მოთხოვნა და ტექნიკურადაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნება.
რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები ყოველთვის არის და ისედაც ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა როგორც მოგეხსენებათ არც ერთის არ არის 100 პროცენტი, ამ ტესტებს ყველას აქვს თავისი მახასიათებელი. ამდენად, დღეს პროცედურა ძირითადად ემყარება სარწმუნო წყაროების ვერიფიკაციას და იმას, არის თუ არა ქვეყანაში რეგისტრირებული კონკრეტული ტესტი დადგენილი წესით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.