თამარ გაბუნია - ზღვაზე დასვენება, ბანაობა არ არის სარისკო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წესები, რომლებიც საკურორტო ადგილებში გართობასა და დასვენებას უკავშირდება
თამარ გაბუნია - ზღვაზე დასვენება, ბანაობა არ არის სარისკო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წესები, რომლებიც საკურორტო ადგილებში გართობასა და დასვენებას უკავშირდება

საქართველო რჩება მწვანე ქვეყნად ჩვენ რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენ რეგიონში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გვაქვს 127 აქტიური შემთხვევა. ამას ემატება ის სამხედრო პირები, რომლებიც ქვეყანაში დღეს ჩამოვიდნენ და მკურნალობას საქართველოში გააგრძელებენ. კარგია, რომ შემთხვევები არის ერთეული და ძირითადად, იმპორტირებულია. ანუ, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსის შიდა გავრცელება მინიმალურია, თუ საერთოდ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ უხდებათ ქვეყანაში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა მაშინ, როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტებს ეს შეზღუდვა არ აქვთ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით მიიღეს.

„ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ და როდესაც ვადარებთ, რამდენად ბევრი კონტაქტი შეიძლება, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბრუნდება, ჰყავს ოჯახის, მეგობრების და ნაცნობების თავისი წრე, პირადი და ახლო კონტაქტების რისკი და ალბათობა ბევრად მაღალია, ვიდრე თუ გნებავთ, ბიზნესმოგზაურის ან იმ რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩამოსვლის შემთხვევაში, ვისთანაც საზღვრების გახსნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ეზღუდებათ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინში მოთავსების ნაცვლად თვითიზოლაციის გამოყენება, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ორივე მექანიზმი შესაძლებელია, თუმცა, თვითიზოლაციას ჯანდაცვის სამინისტრო დიდი სიფრთხილით ეკიდება, რადგან რისკი ძალიან მაღალია და თვითიზოლაციის პირობის ნებისმიერი დარღვევა შეიძლება, ძალიან სავალალო შედეგით დამთავრდეს.

„ამდენად, თუ საფუძვლიანი შეფასება არ არის გაკეთებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თვითიზოლაციას ვერ მივმართავთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეკითხვაზე, როგორ უნდა დავისვენოთ უსაფრთხოდ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დასვენება საფრთხის შემცველი არ არის.

„ის, რომ ადამიანმა ზღვაზე დაისვენოს, იბანაოს და გაერთოს, აბსოლუტურად არ არის სარისკო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის წესები, რომლებიც საკურორტო ადგილებში გართობასა და დასვენებას უკავშირდება, იგივე კაფე-ბარებში, რესტორნებში და სასტუმროებში დაწესებული წესები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.