თამარ გაბუნია - სარისკო ვითარების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები დადგება დღის წესრიგში, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაზრდილი მობილობა, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირების ფონზე, ვირუსის შემთხვევების ზრდასთან პირდაპირ პროპორციულ კავშირშია.
გაბუნია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში დადგება.
„პირველ რიგში, შემთხვევების ზრდის გამომწვევი მიზეზი არის აქტივობა, მობილობა იმ პირობებში, რომ პირბადის გამოყენების მაჩვენებელი არის შემცირებული. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ წესები, რომლებიც არსებობს, არის საკმაოდ ეფექტური და უნდა დავიცვათ. ასევე, ტესტირების პროგრამა არის უკიდურესი მნიშვნელობის და გრძელდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება. ეს არის ორი მექანიზმი, რაც ჩვენთის დღეს მთავარი დაცვაა. რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადევნებს თვალს ახალი შტამების გამოჩენის რისკებს და ამის დასადგენად ტარდება ანალიზი.
წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო და ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ გადავიტანეთ ნოემბერ-დეკემბერში. ამდენად, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს. რეგიონულ ანალიზს ვატარებთ ყოველდღიურად და გადაწყვეტილებებიც მიიღება შესაბამისად. გურიაში ხვალ ვგეგამვთ ვიზიტს, ადგილზე დეტალურად შევისწავლით სიტუაციას. არის გარკვეული ნიშნები იმისა, რომ იმერეთში შესაძლოა, მატების ტენდენცია იყოს უფრო ქტიური, ვიდრე სხვაგან. ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართულობით ამ ანალიზს გავაკეთებთ და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.