თამარ გაბუნია - ვმუშაობთ კლინიკებთან, 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის, ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში
ვმუშაობთ კლინიკებთან და დამატებით 16 ჰოსპიტალი, ასევე პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის, ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მუშაობა მიმდინარეობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც მეთვალყურეობას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს.
„გარკვეულწილად, სამედიცინო დაწესებულებებს მიმდინარე პერიოდში ჰქონდათ დიდი დატვირთვა კოვიდის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე. დამატებითი ფუნქციის თავის თავზე აღება მათ გაუჭირდათ. მაგრამ ახლა კარგია, რომ დატვირთვა ეტაპობრივად მცირდება და მათ გამოხატეს მზაობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ეს რა თქმა უნდა, დაეხმარება თბილისს, რათა დამატებითი ადგილები გაჩნდეს.
ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, მეთვალყურეობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო. უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტები მაქსიმალურად იქნება დაცული.
რაც შეეხება პროცესში დამატებით მონაწილეობას და ფინანსურ მოტივაციას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავითვალისწინეთ დამატებითი ხარჯები. ვფიქრობ, ამ კვირაში წარედგინება ფინანსთა სამინისტროს დასრულებული გადათვლა იმ საჭიროების, რაც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის იმგვარად განხორციელებისთვის, რომ მომწოდებელს ჰქონდეს ფინანსური მოტივაციაც. იგეგმება ტარიფის გადახედვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.