თამარ გაბუნია - ვირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში, ამდენად, ერთი კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა
ახალი კორონავირუსი ვირუსი ვრცელდება ევროპის ყველა ქვეყანაში. ამდენად, ერთი რომელიღაც კონკრეტული ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე ადგილზე გრძელდება თერმოსკრინინგი, არის რეკომენდაცია თვითიზოლაციის შესახებ.
„სხვა სამოგზაურო შეზღუდვებზე ჩვენ საუბარი არ გვაქვს. ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივებიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ამ ორი ქვეყნიდან. დღეს უკვე რისკი ვრცელდება მთელ ევროპაზე. შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება, შეზღუდვა ამ ქვეყნებიდან კვლავაც რჩება, რადგან მაღალი რისკი მომდინარეობს კვლავაც ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევები ევროპის რეგიონში იზრდება. საფრანგეთშიც ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევები იზრდება გერმანიაშიც.