თამარ გაბუნია - ტენდენცია უკვე უახლოვდება იმას, რომ შიდა გავრცელების მეტი ფაქტი გვექნება
შიდა გავრცელების ბევრი ფაქტი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ტენდენცია უკვე უახლოვდება იმას, რომ ჩვენ შიდა გავრცელების მეტი ფაქტი გვექნება, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.
„ჯერჯერობით მაინც ხერხდება კონტაქტების სრულად მოკვლევა და წყაროს გამოვლენა, მაგრამ უკვე იმატებს რისკი, რომ ჩვენ ვუახლოვდებით საზოგადოებრივ გავრცელებას. ამ შემთხვევაში სწორედ სოციალური დისტანცირების ის ზომები, რაც გამოყენებულია და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ზედმიწევნით კარგად დავიცვათ, არის გარანტია, რომ საზოგადოებრივი გავრცელება, თუ ასეთი დაიწყო, ნელი იქნება; რომ მოვახერხებთ ყველა ამ შემთხვევის გამოვლენას და დროულად მკურნალობას ისე, რომ ვირუსის სწრაფი და მასიური გავრცელება არ მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით ანტიგენებზე და ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების მარაგი, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არის ასეთი ტესტების გარკვეული რაოდენობა და ისინი ჯერჯერობით მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის გამოიყენება, მაგრამ ქვეყანა ამ კვირაში დამატებით შევსებას ელოდება და შემდეგ, ეტაპობრივად, მეტი და მეტი მარაგი შემოვა.
„მოგეხსენებათ, ეს სწრაფი ტესტები მაინც ოქროს სტანდარტის პარალელურად ტარდება და ამ ტესტების ვალიდაციაზეც მიდის მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, ტესტის შედეგები რამდენად სარწმუნოა და რამდენად შეგვიძლია კლინიკურ პრაქტიკაში მისი ფართოდ გამოყენება. ვფიქრობთ, ქვეყანაში აპრილის ბოლომდე საკმაოდ სოლიდური რაოდენობა იქნება. საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ტესტზე და შემდეგ, ეს მარაგები ეტაპობრივად შეივსება“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როდიდან შეიძლება, სავალდებულო გახდეს ქრონიკული დაავადებების მქონე, ან 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა პნევმოკოკის ვაქცინით და რამდენად ეფექტური იქნება ის გართულებების თავიდან ასაცილებლად, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში აქამდე პნევმოკოკური პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სავალდებულო ხასიათი მხოლოდ ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში ჰქონდა, დღეს კი ინტენსიურად მიდის ფიქრი, რომ ის ხანდაზმული ადამიანებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.
„მუშავდება სქემა, რა იქნება ყველაზე გონივრული პერიოდი ამ აცრის ჩატარებისთვის და როდის შეიძლება ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება გრიპის აცრებსაც. როდესაც ეს სქემა სრულად იქნება დამუშავებული, შემდეგ ამას საზოგადოებისთვის მეტად გასაგებს გავხდით და შესაბამის განმარტებას გავაკეთებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ადამიანისგან შინაური ცხოველების დაინფიცირება და როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ, გაბუნიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით „კოვიდ 19“-ის ქცევის ხასიათი შეუსწავლელია და გამორიცხული არაფერია, თუმცა, არ არსებობს სხვა ტიპის რეკომენდაცია, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რასაც ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად ვიყენებთ და ამ შემთხვევაშიც მარტივ ჰიგიენურ წესებს უნდა მივყვეთ.