თამარ გაბუნია - სოლიდარობის კვლევაში ჩართვა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ მსოფლიო სიახლეებს
საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო სოლიდარობის კვლევაში ჩასართავად ემზადება. თემის დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველ ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ, შერჩეულ კლინიკებში შეუერთდნენ კვლევას და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელებიც დღეს გარკვეული ექსპერიმენტის სახით მოწოდებულია „კოვიდის“ სამკურნალოდ.
„ამდენად, ეს კარგი და დიდი შესაძლებლობაა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ მსოფლიო სიახლეებს. ორშაბათს იგეგემება უკვე ეთიკური კომისიის პირველი შეხვედრა, რომელიც განიხილავს სოლიდარობის კვლევის პროტოკოლს და მასში ჩართვის პირობებს. როგორც კი ეთიკური კომისია დაეთანხმება ამ პირობებს, ჩვენ უკვე საბოლოო სახით განაცხადს გავაგზავნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში და სწორედ აქედან დაიწყება საქართველოს აქტიური მონაწილეობა ამ კვლევაში, ერთ-ერთი ჩართული მხარის სახით.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთი კარგი გამოსავალი იმისთვის, რომ მკურნალობა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რაც აქამდეც ასე იყო და ის რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია ეროვნულ გაიდლაინში, სრულად მიყვება იმ ცნობილ რეკომენდაციებსა და ცნობილ მტკიცებულებებს, რაც აქამდე ზოგადად სამედიცინო საზოგადოებამ იცის „კოვიდის“ შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.