თამარ გაბუნია - შეზღუდვების შემსუბუქებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან სტაბილიზაციის ნიშნები, რაც დღეს გვაქვს, ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები, ცალსახად შეზღუდვების შედეგია.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში ვითარებას უნდა დააკვირდნენ და შეზღუდვების შემსუბუქებზე გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღონ.
„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც დღეს მივიღეთ, არის ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგი. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დავუბრუნდეთ დატვირთვის ამ მაჩვენებელს იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი.
ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაცია ისევ და ისევ არის ის, რომ ამ კვირაში დავაკვირდეთ სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ვრჩებით დაკვირვების და კონსულტაციების რეჟიმში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.