თამარ გაბუნია - საახალწლო პერიოდში ნებისმიერი აქტივობა რისკის მატარებელია, იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების გარკვეულ მატებას ველით
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატოს, ვინაიდან საახალწლო პერიოდში ქვეყანაში მობილობა იზრდება.
„მობილობა პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიურ რისკებს. ამდენად, ნებისმიერი აქტივობა, რაც იქნება საახალწლო პერიოდში, გარკვეულწილად რისკის მატარებელია. ამიტომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში გარკვეულ მატებას ველოდოთ. წესების დაცვის პირობებში დაცული ვიქნებით იმისგან, რომ ეს მატება არ მოხდეს, მაგრამ მზაობა მაინც გვაქვს.
სტაბილური ტენდენცია შენარჩუნებულია და შესაძლებელია, მომდევნო დღეებში კლების ტენდენციაც ვნახოთ. ტესტირების მაჩვენებელი ნარჩუნდება საკმაოდ მაღალ დონეზე, დადებითობის მაჩვენებელი კი იკლებს. ანუ რეალურად, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირდება.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, როგორც ვიცით, ეს მიჰყვება ეპიდემიის განვითარების ტენდენციებს უფრო მოგვიანებით. დაახლოებით, ორი-სამი კვირა დასჭირდება იმას, რომ შემცირდეს მძიმე შემთხვევებიც და შემდეგ ლეტალური გამოსავლებიც. ანუ ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა კარგია ის, რომ სიკვდილიანობის მატების ტენდენცია არ აღინიშნება. აქაც გვაქვს გარკვეული სტაბილიზაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურება ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი შეღავათი იყო. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებული საწოლების 35 პროცენტი თავისუფალია.
„ქვეყნის მასშტაბით არსებული საწოლების რაოდენობის დაახლოებით 35 პროცენტი თავისუფალია. აქედან უფრო მეტი თავისუფლება არის აჭარის რეგიონში, სადაც რეალურად უკვე გვაქვს ეპიდემიის მაჩვენებლების ჭეშმარიტი კლება. აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა გადასცდა უკვე 50 პროცენტს და უკვე ვფიქრობ, რომ კოვიდის პროგრამაში ჩართული საწოლები დაუბრუნდეს ჩვეულებრივ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას. ასეთი ტიპის ოპტიმიზაცია მოხდება იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება ტენდენციები, როცა გავივლით იანვრის პირველ ორ კვირას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.