თამარ გაბუნია - „რემდესივირის“ მოწოდებაზე ერთ-ერთ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, თუმცა, მისი გამოყენება მძიმე პაციენტებში მკაცრი მეთვალყურეობით მოხდება
თამარ გაბუნია - „რემდესივირის“ მოწოდებაზე ერთ-ერთ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, თუმცა, მისი გამოყენება მძიმე პაციენტებში მკაცრი მეთვალყურეობით მოხდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ანტივირუსული პრეპარატის, „რემდესივირის“ მოწოდებაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ კომპანიასთან.

თამარ გაბუნიას განმარტებით, პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნული მედიკამენტი მხოლოდ მძიმე პაციენტებში, მკაცრი მეთვალყურეობით იქნება გამოყენებული.

„რემდესივირი“ ჩვენთვის ნაცნობია, რამდენადაც არის ერთ-ერთი მედიკამენტი სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომელსაც საქართველო რამდენიმე თვეა, შეუერთდა. „რემდესივირთან“ დაკავშირებით ერთ-ერთ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც მოგვაწვდის. მინდა, აღვნიშნო, რომ „რემდესივირი“ არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის. ამას, რა თქმა უნდა, ფართო გამოყენება ვერ ექნება. კვლევის ფარგლებში, პროტოკოლის შესაბამისად, მძიმე პაციენტებში მკაცრი მეთვალყურეობით მოხდება „რემდესივირის“ გამოყენება, მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც იქნება გამართლებული. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ბევრი პაციენტი. გარდა ამისა, სხვა მედიკამენტებიცაა სოლიდარობის კვლევაში. სულ ოთხი ჯგუფია. ამ მიმართულებითაც მედიკამენტების გამოყენება მოხდება ჩვენებების მიხედვით მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში. ეს არაა ფართო გამოყენებისთვის. თავიდანვე მინდა, რომ სწორი მოლოდინი ჩამოყალიბდეს „რემდესივირთან“ მიმართებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.