ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, ონლაინკლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
„ამ ცენტრს პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმების მომზადების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. შეხვედრა კოვიდის მართვაში ოჯახის ექიმების მონაწილეობას ეხებოდა. ექიმების მზადყოფნა მაღალია. ისინი ონლაინკლინიკების მართვაში მონაწილეობას პირველივე დღიდან იღებენ. მათი მონაწილეობა, როგორც ცხელებიანი პაციენტების, ასევე კოვიდდადებითი პაციენტების მართვაში მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბინაზე მყოფი ყველა მსუბუქი პაციენტი მაღალი ხარისხის კონსულტაციას იღებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, მხარეებმა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული გადამოწმების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.