თამარ გაბუნია - „პისიარ“ ტესტირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის გაფართოებული
თამარ გაბუნია - „პისიარ“ ტესტირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის გაფართოებული

უკვე გაფართოვდა ლაბორატორიების ქსელი, ვინც ჩაატარებს „პისიარ“ ტესტებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გაბუნია აცხადებს, რომ ეს არის ოქროს სტანდარტი, ყველაზე სარწმუნო ტესტი, რომელიც დიაგნოსტიკისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, თუკი აქამდე დღე-ღამეში 300 ტესტის გაკეთების შესაძლებლობა იყო, ახლა დამატებით ხუთი ლაბორატორია მუშაობს.

„პისიარ“ ტესტირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის უკვე გაფართოებული და გასული 24 საათის განმავლობაშიც 900 ტესტი ჩატარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გაიზარდა „პისიარ“ ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა და ეს კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი სამიზნე არის 1200-1500 ტესტი თვის ბოლომდე, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შემაკავებელი ღონისძიებების შესუსტებასთან ერთად, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება თითოეულ გამოვლენილ შემთხვევაზე და იმ კლასტერებზე, რომლებიც მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად თავისუფალ ბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის პირობებში შეიქმნას.

ამდენად, ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი ინსტრუმენტი, რომ მოვახორხოთ მეტი ადამიანის ტესტირება, როგორც კი მოიხსნება სოციალური შეკავების ზომები. ასევე, ფართოვდება ტესტირება სწრაფი ტესტებით სამედიცინო პერსონალში და იმ პირებში, ვისაც უწევს მუშაობა დახურულ სივრცეში, ორგანიზებულ ჯგუფებში. ჩვენ დღეს დავიწყეთ ტესტირება სამედიცინო პერსონალში. თვის ბოლომდე და მაისის დასაწყისში მნიშვნელოვნად გაფართოვდება ეს ტესტირება და ყველა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს ალგორითმით – ამ კატეგორიაში შედის პატრული, თავდაცვა, ასევე ეკლესია-მონასტრებში მცხოვრები პირები, თავშესაფრებში მცხოვრები პირები, მოხდება მათი რეგულარული, ორ კვირაში ერთხელ ტესტირება, ანტისხეულები და შემდეგ შესაფერისი რეაგირება, როგორ ამას ითვალისწინებს სრული დიაგნოსტიკის ალგორითმი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.