თამარ გაბუნია - „პისიარ“ და სწრაფი ტესტების რეკორდული რაოდენობა გუშინ დაფიქსირდა, გაკეთდა 17 ათასამდე ტესტი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ საქართველოში 17 ათასამდე სწრაფი და „პისიარ“-ტესტი გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გუშინ დაიწყო გაფართოებული ტესტირება ანტიგენის ტესტებით, საიდანაც 1 400 შემთხვევა დადასტურდა.
„გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება ანტიგენ-ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა. ამ ტესტირებას ექვემდებარებიან პირები, რომლებსაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის მაღალი ხარისხის. ოჯახის ექიმის რჩევით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და გაიკეთოს ტესტი. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც პროგრამაში არიან ჩართულნი. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტები ანტიგენის ტესტით სწრაფად იღებენ პასუხს. 17 ათასამდე ავიდა ანტიგენისა და „პისიარ“-ტესტის რაოდენობა გუშინ, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.