თამარ გაბუნია - მზად ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით სასაზღვრო პუნქტებში თერმული შეფასებაც გახდეს შესაძლებელი
ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით კომისია შეიქმნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს აღნიშნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
გაბუნია აცხადებს, რომ უწყებებს შორის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობები გადანაწილდეს.
„დღევანდელი შეხვედრა ეთმობოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გუშინ გამოცემული ახალი რეკომენდაციების განხილვას. გუშინ საღამოს გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ახალი რეკომენდაციები. პრინციპული ცვლილებები ამ რეკომენდაციებში შეტანილი არ არის. კვლავაც აქცენტი კეთდება ზოგადი ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების დაცვაზე.
რაც შეეხება მოგზაურებისთვის რჩევას, რეკომენდაცია მაღალი რისკის რეგიონებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, მგზავრების აქტიური სკრინინგი, ვიდრე მოხდება მათი გამოშვება სხვა ქვეყანაში. რაც შეეხება მიმღებ ქვეყნებში მგზავრების სკრინინგს, ზოგადი რეკომენდაციაა, პირველ რიგში ყველა მოგზაურის სიმპტომების შესახებ საინფორმაციო უზრუნველყოფა, ასევე იმის შესახებ, თუ სად უნდა მიიღონ მათ სამედიცინო დახმარება, თუკი ქვეყანაში შესვლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ აქვთ ის სიმპტომები, რომელიც ამ დაავადებას ახლავს თან. ეს გახლავთ რესპირატორული სიმპტომები, ხველა, სურდო, შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მიდევნების მექანიზმი, რომელიც პირველი დღიდან ქვეყანაში გააქტიურებული იყო და რა თქმა უნდა, დღესაც მოქმედებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, მობილიზებულია ინფექციური საავადმყოფოები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან პაციენტების სატელეფონო კონსულტაციისთვის, წინასწარი შეფასებისთვის და ასევე ჰოსპიტალიზაციისთვის.
„ასევე, მიმდინარეობს საუბარი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გარკვეულწილად აქცენტს აკეთებს ტემპერატურის შეფასებაზე ქვეყანაში შემოსვლის ადგილზე. ამის მზაობაც არის და სასაზღვრო პუნქტებში იქნება შესაძლებელი უკვე თერმული შეფასებაც, გარდა სიმპტომებზე შეფასებისა. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ტემპერატურის მაღალ მომატებაზე, 38 გრადუსი და ზემოთ არის აზიის ქვეყნებში რეკომენდებული. აშშ-ი იძლევა რეკომენდაციას 37.8 გრადუსზე, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე მომატებულ და 38 გრადუსამდე პაციენტს ჩაუტარდება ადგილზე ექიმის მიერ წინასწარი შეფასება ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება და შემდეგ მოხდება მისი გადამისამართება შესაფერის დაწესებულებაში, თუკი ამის საჭიროება იარსებებს.
რა თქმა უნდა, ისიც არის შესაძლებელი, რომ მაღალი რისკი რეგიონიდან ქვეყანაში ადამიანი ჩამოვიდეს აბსოლუტურად სიმპტომის გარეშე და შემდეგ, ინკუბაციური პერიოდის, ანუ ფარული პერიოდის გავლის შემდეგ მოხდეს სიმპტომის აღმოცენება. ეს ფარული პერიოდი გრძელდება ორ კვირამდე. ამდენად, მაღალი რისკის რეგიონიდან ჩამოსული ყველა პაციენტის შესახებ ხდება სრული ინფორმაციის შეკრება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო წესების შესაბამისად იმისთვის, რომ ჩვენ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს გვქონდეს პაციენტის მიდევნების და მისი კონტაქტების გამოკვლევის საშუალება“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
თამარ გაბუნია განმარტავს, რომ საინფორმაციო ბუკლეტი არის ყველაზე მთავარი, პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.
„ბუკლეტის შინაარსი მომზადებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ბუკლეტში აღწერილია ის სიმპტომები, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს. ასევე მითითებულია კონკრეტული ტელეფონის ნომრები, სად უნდა დარეკოს ადამიანმა იმ შემთხვევაში, თუ გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ აქვს მას კორონავირუსი და ასევე, მითითებულია მისამართები, სად უნდა მივიდეს. ეს არის ინფექციური საავადმყოფოები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
ასევე, ცხელი ხაზი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსი. ბუკლეტები ვრცელდება სამ ენაზე, ეს არის ინგლისურ, ქართულ და ჩინურ ენებზე. სასაზღვრო ზონაში ხდება ბუკლეტების გავრცელება, შემოსავლების სამსახურთან ჩვენ მიმდინარე რეჟიმში ვთანამშრომლობთ და ასევე, იგეგმება ბანერების დამზადება, ამას გარკვეული დრო დაჭირდა და ესეც დღეს-ხვალ უკვე იქნება ხელმისაწვდომი, ძალიან თვალსაჩინო ადგილზე ყველამ რომ დაინახოს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.