თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია, დავუბრუნდეთ კონსტრუქციულ ფორმატს, რადგან აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია
უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ პროცესი კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადმოვიდეს და ისევ დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს, გადავიტანოთ ეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რადგან დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია, მწარმოებელი გარკვეულ რისკებს იზიარებს. ახლა აქ ასეთი დაძაბული ფონი არავისთვის ხელსაყრელი არ არის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი დიალოგის ფორმატში გაგრძელდეს. მისივე თქმით, მშობლები პროცესებში ჩართულები იყვნენ და ყველა ეტაპი, რასაც სამინისტრო მწარმოებელთან მოლაპარაკებისას, ხარისხისა და ბავშვთა უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის გადიოდა, მათთვის ცნობილი იყო.
„ჩვენ, ყველა, ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები, რა ფორმით აჯობებს ხელშეკრულების გაფორმება, რომ ჩვენ გვქონდეს გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული უსაფრთხოება ბავშვებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცოდეთ, რომ წამლის მოწოდება გაგრძელდება ან ის რისკები, რაც შეიძლება, მედიკამენტს ჰქონდეს, ჩვენთვისაც ცნობილი იყოს. მრავალი წლის განმავლობაში ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში, მსგავსი ფონი ამ დაფინანსებას არ ჰქონია. ეს არ არის ის გზა, რაც ჩვენ, ზოგადად, მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე მედიკამენტის ან სერვისის დაფინანსებისთვის. პაციენტის უსაფრთხოება არის პირველი. არ ავნო – ეს არის ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ პირველი, რაც სამინისტრომ გააკეთა, მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე, გარდა იმისა, რომ ეს 52-კვირიანი კვლევა ჩატარდა – და გარკვეული პოტენციალი ნამდვილად აქვს – ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების საზოგადოებას მივმართე მე პირადად, რომ კიდევ მეტი, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული, მეტი დრო. უმჯობესია, რაღაცნაირად შეთანხმების პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა ძალიან რთულია ბავშვებისთვის. ბავშვები დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან ამ ყველაფრის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოლოდინებისა და იმედის გათვალისწინება. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.