თამარ გაბუნია - მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად ადრე გამოვავლინოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული
მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად ადრე გამოვავლინოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
გაბუნია აცხადებს, რომ ტერმინი მიზნობრივი ტესტირება უფრო ზუსტია, ვიდრე აგრესიული ტესტირება.
„დღეს ამ თემამ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. პირველი, რაც მინდა, გთხოვოთ, რომ შევთანხმდეთ განმარტებებზე და აგრესიული ტესტირება ჩავანაცვლოთ მიზნობრივი ტესტირებით, რადგან ეს არის ტერმინი, რომელიც უკეთესად აღწერს იმას, რაც ხდება. ამ შემთვევაში, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ტესტირებასთან იმ ჯგუფში, რომელსაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული მაღალი რისკი აქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ასეთი ადამიანები ინფიცირებულთან დაკავშირებულ კლასტერში მყოფი პირები არიან.
„ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებთან აუცილებელია მიზნობრივი ტესტირება. ასეთი ტესტირება ტარდება ასევე იმ მიზნობრივ ჯგუფებში, ვისაც აქვს ყოველდღიური ალბათობა, რომ იყოს შეხებაში ინფიცირებულ ან დაავადებულ ადამიანებთან, როგორიც არის მაგალითად, სამედიცინო პერსონალი, პატრულის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც დახურულ სივრცეებში მუშაობენ.
ამდენად, მიზნობრივი ტესტირება ეს არის ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ადრე გამოვავლინოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების დონეზე, მარნეულისა და ბოლნისის მაგალითზე ტესტირება ჩატარდა იმ ჯგუფებში, ვინც იყვნენ უკვე კონტაქტში გამოვლენილ შემთხვევებთან.
„ეს იყო საკმაოდ დიდი კლასტერი და ამ აქტიური მიზნობრივი ტესტირების შედეგად მოხდა ყველა იმ ინფიცირებულის დროული და სწრაფი იდენტიფიცირება, რომელიც შემდეგ გახდებოდა დაავადების გადამტანი. ამდენად, ეს არის ძალიან თვალსაჩინო შედეგი ამ მიზნობრივი ტესტირების, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სამომავლოდაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.