თამარ გაბუნია - მინდა, ვუპასუხო ყველა ექიმსა და ლაბორატორიას, სწრაფი ტესტების შემოტანაზე სამინისტროს მხრიდან არანაირი ტექნიკური შეფერხება არ არსებობს
ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არანაირი ტექნიკური შეფერხება არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო სრულიად ხელოვნურად აფერხებს კლინიკური დიაგნოსტიკის თვალსაზრისით კორონავირუსის ტესტების რეგისტრაციას და ლაბორატორიების მიერ მათი შემოტანის პროცესს“.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შეფერხება არ არსებობს და სამინისტრო დადგენილ წესებს მიჰყვება.
„მინდა, ცალსახად ვუპასუხო ყველა იმ ექიმსა და კლინიკურ ლაბორატორიას, რომელიც დაინტერესებულია სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანით – იქნება დიაგნოსტიკური თუ კვლევის მიზნებისთვის – არანაირი ტექნიკური შეფერხება სამინისტროს მხრიდან არ არსებობს, სამინისტრო მიჰყვება დადგენილ წესს, რაც არის დაწესებული იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო და დაუსაბუთებელი მახასიათებლების პროდუქციის, ამ შემთხვევაში, ტესტების შემოტანა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოს მიერ ხუთი განცხადება განიხილება.
„ხუთი განცხადება განიხილება რეგულირების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აქედან, სამის განცხადება სრულად შეესაბამება მოთხოვნებს, ორის შემთხვევაში, მოვითხოვეთ დამატებითი საფუძვლები. როგორც კი იქნება ეს საფუძვლები წარმოდგენილი, რეგულირების სააგენტო წარმოების პროცესს დაასრულებს. ამდენად, აქ უნდა დავიცვათ წესები, რომელიც დადგენილია ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას თქმით, ხელოვნურ შეფერხებას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი და არც სამომავლოდ ექნება.