თამარ გაბუნია - მიღწეულია ჩვენი მიზანი, ინფექციის ეტაპობრივი, დუნე გავრცელება და არა პიკური
თამარ გაბუნია - მიღწეულია ჩვენი მიზანი, ინფექციის ეტაპობრივი, დუნე გავრცელება და არა პიკური

ჩვენ აქამდე ვართ ყველაზე კეთილსაიმედო სცენარში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ მიღწეულია მიზანი, ინფექციის ეტაპობრივი, დუნე გავრცელება და არა პიკური.

„ჩვენი მიზანი, რაც დავსვით, იყო ინფექციის ეტაპობრივი, დუნე გავრცელება და არა პიკური, რაც აქამდე მიღწეულია. ახლა ჩვენ ვუახლოვდებით ახალ ფაზას, როდესაც ეტაპობრივად გვინდა, რომ შემაკავებელი ღონისძიებები მოიხსნას ისე, რომ არ მივიღოთ ეპიდემიის გავრცელება მატების კუთხით და საერთოდ არ გვინდა, რომ მივუახლოვდეთ პიკური გავრცელების რისკებს.

ამდენად, სწორედ ახლა იწყება ახალი გამოწვევა, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ფრთხილად ვადევნოთ თვალი ეპიდემიურ ტენდენციებს. ამისთვის გააქტიურებულია მუშაობა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან, ასევე ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის მუდმივ მზაობაში, რომ თვალი ადევნოს ეპიდემიის მიმდინარეობას და გვქონდეს სრული სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავადგინოთ, რამდენად მოსალოდნელია დაავადების გაფართოება და რა რისკებთან გვაქვს საქმე. ამის მიხედვით, გავხსნათ და დავნერგოთ, დავიწყოთ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია პოსტკრიზისულ გეგმაში. ანუ, იმ გეგმაში, რაც გვინდა რომ ეტაპობრივად განხორციელდეს. აქ მთავარია, რომ ეტაპიდან ეტაპზე გადავიდეთ მარტივად, გადავიდეთ დროულად და არ მოგვიხდეს უკან დაბრუნება იმის გამო, რომ რაღაც მიზეზებმა ხელი შეგვიშალა ეპიდემიის კონტროლში.

ამდენად, ახლა ვართ ახალი გამოწვევის წინაშე და მე ვფიქრობ, რომ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რაც ითვალისწინებს ტესტირების შესაძლებლობას, სამედიცინო პროფესიონალების მზაობას და ასევე სოციალურ მზაობას იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ფიზიკური დისტანცირების და ყველა იმ ღონისძიებების განხორციელება, რასაც აქამდე ვაკეთებდით, რომ შევძლოთ ეტაპიდან ეტაპზე სწრაფად და მარტივად გადასვლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპიდან მთავარია ყველა რგოლის სინქრონული მოქმედება იმისთვის, რომ მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს.

„პიკი ჩვენ ავიცილეთ, შემდეგი ამოცანა არის ის, რომ პიკური მიმდინარეობა არ გვქონდეს არც გახსნის პერიოდში და მიმდინარეობა იყოს ეტაპობრივი, უკავშირდებოდეს შემთხვევების აქტიურ გამოვლენას იმგვარად, რომ არ მოხდეს საზოგადოებაში ინფექციის გავრცელება.

ამდენად, ამ ეტაპიდან ისევ და ისევ მთავარია ყველა რგოლის სინქრონული მოქმედება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის, რასაც მივაღწიეთ და ახალ-ახალი გამოწვევების გაჩენისთანავე გვქონდეს დაუყოვნებლივი რეაგირება ეპიდემიის სწრაფი გამოვლენისა და კონტროლის კუთხით. ეს არის მთავარი გასაღები ამ შემთხვევაში. ანუ, გახსნილი და მოქმედი ეკონომიკის პირობებში რამდენად სწრაფად მოვახერხებთ იმ შემთხვევების გამოვლენას, რომლებიც შესაძლებელია, გაჩნდეს; მათ იზოლაციას სხვა დანარჩენი საზოგადოებისგან და მათ ეფექტურ მკურნალობას. ეს არის მარტივი ჯაჭვი იმ ქმედებების, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. აქ ყველაზე მთავარი ისევ და ისევ იქნება სოციალური პასუხიმგებლობა, რადგან ის ქცევა და პირადი დაცვის წესები, რომლებიც ჩვენ გავიაზრეთ და გავითავისეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახლა ხდება ყველაზე მეტად კრიტიკული და გადამწყვეტი სწორედ ამ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ უნდა დავიწყოთ ახლა, როდესაც ჩვენ შევასუსტებთ ძალიან მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, რომლებიც აქამდე გვქონდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.