თამარ გაბუნია - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით 2024 წლიდან ძალიან კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება
თამარ გაბუნია - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით 2024 წლიდან ძალიან კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება

2023 წელს მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდები ძალიან პოზიტიურ დინამიკას უჩვენებს, 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, 70%-ს აღემატებოდა და ახლა 30%-ზეა ჩამოსული, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა გაკეთდა 2023 წელს მოქალაქეთა ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად და რა იგეგმება 2024 წლისთვის ამ მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, ამას შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად შემცირება სჭირდება. ყველაზე დიდი დანახარჯი არის ისევ და ისევ მედიკამენტებში და არის ძვირად ღირებული ჰოსპიტალური სერვისები, რომელიც, თუ აქ სახელმწიფო არ შემოვიდა თავისი კონტრიბუციით, რთულია, მოქალაქემ დაფაროს. მაგალითად, ონკოქირურგია, ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, იმავე ონკოლოგიური დაავადებებისთვის, რაც ჩვენთან არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით 2024 წლიდან ძალიან კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება.

„ერთი, ადრეულ ეტაპზე დაავადებების გამოვლენის, განსაკუთრებით, ონკოდაავადებების გამოვლენისთვის ახალი კომპონენტი ამოქმედდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც ძვირად ღირებულ რადიოლოგიურ გამოკვლევებს დაფარავს იმ პაციენტებისთვის, ვისაც სჭირდება დადასტურება, რომ ეს არის ნამდვილად კიბო, რა სახისაა, როგორი გავრცელება აქვს, მეტასტაზურია, თუ არა და ა.შ, იმისთვის, რომ მერე მკურნალობა დაენიშნოს სწორად. რაც შეეხება მკურნალობას, იცით, რომ წელს უკვე გაფართოვდა და ლიმიტი გაიზარდა; პირდაპირი შესყიდვა იმის საშუალებას იძლევა, რომ მოქალაქემ და სახელმწიფომაც ღირებულების დაახლოებით, 40%-მდე დაზოგოს მედიკამენტებზე, ქიმიოთერაპია და სხვა ძვირად ღირებული მედიკამენტები მაქვს მხედველობაში. აქამდე, პირდაპირ უნდა გადაეხადა, ან მოქალაქეს, ან სახელმწიფოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ იმუშავა DRG-ის პროგრამამ მოქალაქეთა ჯიბიდან თანხის გადახდის შემცირების ნაწილში, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 2023 წელი იყო პირველი წელი, როდესაც DRG-ის მექანიზმი სრული დატვირთვით, ფართოდ ამოქმედდა და რაც შეეხება ჯიბიდან გადახდას და საერთოდ, თანაგადახდას, აქაც მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა.

„მანამდე, 27% საშუალო თუ იყო მოქალაქის წილი გადასახადში, შემცირდა 10%-მდე, რადგან DRG-სთან ერთად დაწესდა ფიქსირებული გადასახადი სოციალური მდგომარეობის მიხედვით. სოციალურად დაუცველი ჯგუფისთვის ეს არის მინიმალური გადასახადი, მაქსიმუმ, 500 ლარამდე და ამის იქით ეს ვეღარ წავა, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა ხარჯების შეკავების საშუალებას; თუ არის 40 000-ზე ზემოთ და მოქალაქეს აქვს მეტი შემოსავალი, მისი თანაგადახდის წილი არის 30%, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა, რაც ასევე არის შეღავათი. ამან თავისი ეფექტი გვაჩვენა და ამ ტიპის ცვლილებები და DRG სისტემის დახვეწა, რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც გაგრძელდება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ მოქალაქეს აღარ უწევს თანაგადახდა და დამატებითი გადასახადი იმ სერვისებზე, რომელიც არ არის აუცილებელი მისი ჯანმრთელობისთვის. ეს შეიძლება, იყოს VIP პალატა, ან თითქოსდა, განსაკუთრებული ინტერვენცია, აპარატურა, აღჭურვილობა. ყველაფერი უნდა დაიფაროს პროგრამულად და იფარება პროგრამულად. ამის აქტიური მონიტორინგი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოქალაქე იყოს დაცული არასაჭირო გადასახადისგან, რომელიც მას თავად არ შეუძლია, განსაზღვროს, ეს გადასახადი მისი ჯანმრთელობისთვის საჭიროა, თუ არა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.