თამარ გაბუნია - მართალია, გავრცელების დღევანდელი ტემპი დაბალია, მაგრამ ადამიანიდან ადამიანზე შემთხვევის გადაცემა მაინც საკმაოდ საყურადღებოა
თამარ გაბუნია - მართალია, გავრცელების დღევანდელი ტემპი დაბალია, მაგრამ ადამიანიდან ადამიანზე შემთხვევის გადაცემა მაინც საკმაოდ საყურადღებოა

როგორც კი ეპიდემიის მიმდინარეობის სურათი კონტროლის ზომების შერბილების საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, ეს მომენტი არ დააყოვნებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„თუ მომდევნო ორ-სამ კვირას ისევე ეფექტურად გავივლით, როგორც აქამდე გავიარეთ, ამის შემდეგ შეგვიძლია, იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ გამოვიდეთ ამ შეზღუდვებიდან უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, არსებობს შესაფერისი მექანიზმები, რაც ეპიდემიის საფუძვლიან ანალიზს დაემყარება. როგორც კი ეპიდემიის მიმდინარეობის სურათი კონტროლის ზომების შერბილების საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, ეს მომენტი არ დააყოვნებს და, პირველ რიგში, ვამცნობთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზოლაციაში იმყოფება და დისტანცირების მეთოდებს ზედმიწევნით კარგად იცავს, მაგრამ მომდევნო ორი-სამი კვირა იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ მიღწევები შევინარჩუნოთ. მართალია, გავრცელების დღევანდელი ტემპი დაბალია, მაგრამ ადამიანიდან ადამიანზე შემთხვევის გადაცემა მაინც საკმაოდ საყურადღებოა და ამდენად, ამ რეჟიმში კვლავ უნდა დავრჩეთ, გარკვეული პერიოდი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევთ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა და როდისთვის შეგვიძლია, ვივარაუდოთ შეზღუდვების შემსუბუქება.

მისი თქმით, ორი-სამი კვირის შემდეგ გამოჩნდება, როგორი იქნება სურათი.

„იმედი მაქვს, ამგვარი დაცვის პირობებში ტენდენცია კეთილსაიმედო უნდა იყოს და შემდეგ, დავუბრუნდებით შერბილების ღონისძიებებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეკითხვაზე, რამდენად კონტროლირებადია დღეს ქვეყანაში შიდა გავრცელების მაჩვენებელი, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ თუ სტატისტიკას შევხედავთ, შიდა გავრცელების მაჩვენებელი დღეს კონტროლირებადია.

„ამას აჩვენებს ნელა მზარდი ციფრები და ასევე, ის ინტერვენციები, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია, განხორციელდეს. ჩვენ ვცდილობთ, ყველა კონტაქტი გამოვიკვლიოთ და თითოეული ახალი შემთხვევის სრულად შესწავლა მოხდეს. ეს ჯერჯერობით, შესაძლებელია, თუმცა, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება უჩვენებს, შემთხვევების მატებასთან ერთად არსებობს იმის რისკი, რომ ყველა კონტაქტის გამოკვლევა ასე საფუძვლიანად ვეღარ მოხდება. ამიტომ, ისევ და ისევ უნდა ვეცადოთ, ამგვარი ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ, სადაც კონტროლის ხარისხი უფრო მაღალია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც თვითიზოლაციაში რჩება და ჯანდაცვის სისტემას ეპიდემიის მიმდინარეობის ასეთი ტენდენციის შენარჩუნებაში ძალიან ეხმარება.