თამარ გაბუნია - კოვიდ-სასტუმროები არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ შემთხვევების ჰოსპიტალს გარეთ მართვის გამოცდილება მივიღოთ და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მობილობის გაზრდასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე.
„ჯანდაცვის სამინისტროსთვის გასული ზაფხულის პერიოდში მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის სექტორის მომზადება იყო. როდესაც საუბარია ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ვიცოდეთ ის, თუ რა საწოლფონდზე ვსაუბრობთ და რამდენი საწოლი არის მობილიზებული დღეს, რათა მიიღოს კოვიდ ინფიცირებული პაციენტები. მოდელი, რომელიც ჩვენ ჰოსპიტალური მართვისთვის გამოვიყენეთ, პირველი დღიდან იყო კოვიდ-კლინიკების და ცხელების კლინიკების მობილიზება, სადაც ხდებოდა ცხელების შემთხვევების შეფასება, საწყისი დიაგნოსტირება და შემდეგ მათი კოვიდ-კლინიკებში გადამისამართება. ეს მოდელი ისევ ძალაშია. მთავრობის 322-ე დადგენილების პირველი და მეორე დანართით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც შეფასებული არიან, როგორც კოვიდ-კლინიკა ან ცხელების კლინიკა.
პარასკევს, მას შემდეგ, რაც გარკვეულწილად შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიხატა, დამატებით მობილიზებულ იქნა 700-მდე საწოლი ისე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდა 1500-მდე. დღეს, დღის ბოლომდე უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ კოვიდ-პაციენტების მიღება განახორციელოს 2400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ქობულეთში. ანუ, განაწილება არის საკმარისად კარგი, რათა გვქონდეს თანაბარი, გეოგრაფიული მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განმარტებით, „კოვიდ-19“-ის მართვაში უკვე ჩართული კლინიკები გააგრძელებენ კოვიდ-პაციენტების მკურნალობას, თუმცა პროგრამას ახალი კლინიკებიც შეუერთდებიან.
„ჩაერთვებიან ახალი კლინიკები, რომლებსაც აქამდე არ მოუხდათ პაციენტების დიდი ნაკადის მართვა უბრალოდ იმის გამო, რომ ამის საჭიროება არ იყო. ისინი მიიღებენ კონსულტაციას და რჩევას უკვე გამოცდილი კლინიკებისგან, ასევე კლინიკური ჯგუფისგან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს და რა თქმა უნდა არის კლინიკური გაიდლაინები, რის მიხედვითაც იმართება თითოეული შემთხვევა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. კოვიდ-სასტუმროების ამოქმედებაზე.
„ეს არის გარკვეულწილად შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. როგორც მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში დღეს უკვე კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა. საქართველოში რადგან ამის შესაძლებლობა გვქონდა, მაინც ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა. ამ მიმართულებით ბევრი კლინიკური გამოცდილება დაგროვდა და დღეს უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ შემთხვევების მართვაზე. დღევანდელი პროტოკოლი, რომელიც უკვე მოქმედებს, გახლავთ, რომ პაციენტი, რომელიც არის მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არ აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსის გართულება და გააუარესოს მისი კლინიკური მდგომარეობა, გადაყვანილი იქნება ე.წ. კოვიდ-სასტუმროში, სადაც მას გაუგრძელდება სამედიცინო მეთვალყურეობა. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პაციენტს პრაქტიკულად არ სჭირდება აქტიური სამედიცინო ჩარევები, მას სჭირდება იზოლაცია, სიმშვიდე და სამედიცინო მეთვალყურეობა, ეს პირობები შექმნილია კოვიდ-სასტუმროებში, რაც არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ გავიაროთ ჰოსპიტალს გარეთ მართვის ეტაპი, მივიღოთ ამგვარი გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, რისთვისაც ოჯახის ექიმები უკვე მომზადებული არიან. ჯერ კიდევ მარტში დამტკიცდა ბინაზე მართვის პროტოკოლი და ოჯახის ექიმებმა ტრენინგის პირველი ეტაპი გაიარეს, ახლა იგეგმება მეორე, რათა ჩვენ ვიყოთ მზად მეტად აქტიური ბინაზე დამყარებული მართვისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს უკვე 155-მდე პაციენტია გადაყვანილი კოვიდ-სასტუმროში.
„მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამედიცინო გუნდები მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას განაგრძობენ. ზოგადად მობილიზებულია 500-მდე საწოლი, რათა ეს პრაქტიკა მეტად აქტიურად იქნას გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.