თამარ გაბუნია - კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს განგაშის საფუძველი არ არსებობს, ვითარება გლობალურადაც კონტროლირებადია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან საპასუხო ღონისძიებების მომზადების პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გუშინ გაიმართა, თუმცა ახალ სამოქმედო გეგმაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აქედან გამომდინარე, გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დღეს აქცენტს აკეთებს საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე.
„ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო. ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე, როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოსული მოქალაქეებისთვის. გვინდა, რომ იყოს ბანერები და ფლაერები, როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც შემოდის ჩინეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან თუ მას აღმოაჩნდება სავარაუდო სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს კორონავირუსს. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი. ასევე მოხდება ცხელი ხაზის თანამშრომლების მომზადება, რათა მათ გამოიკითხონ მოგზაურობის ისტორია. ამ შემთხვევაში მდგომარეობა მეტად ლოკალიზებულია ჩინეთის ზოგიერთ დასახლებებში, შესაბამისად საყურადღებო ნიშნები სრულიად ჩინეთს არ შეეხება, ასევე არ შეეხება გლობალურ მოგზაურებს, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვიყენებთ მოგზაურობის ისტორიას, რათა მოხდეს პაციენტის შესაბამისი გადამისამართება. ზოგად საინფორმაციო ქსელს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ მათთან შევიდა პაციენტი მოგზაურობის ასეთი ისტორიით“ ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოებში არსებობს ბოქსირებული პალატები, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს.
„დღეს ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მზადყოფნის რეჟიმში. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან დამატებით რეკომენდაციებს და მზად ვართ, ამ მითითებებს მივყვეთ. დღეს მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია გლობალურადაც კონტროლირებადია. მივმართოთ ინფექციის კონტროლის ზოგად ზომებს, ხელის დაბანა, კონტაქტების თავიდან არიდება და უბრალოდ, ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ საყურადღებოა ის, რომ თუ სიმპტომი ექნება ადამიანს, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს“ ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.