თამარ გაბუნია - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ამგვარი მატება, რაც დღეს საქართველოშია, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება
ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„ეს არის სცენარი, რომელიც სოციალური დისტანცირების 30-პროცენტიან მაჩვენებელს შეესაბამება. იმედი მაქვს, პროგნოზი, რომელიც ამ სცენარის მიხედვით შედგა, გამართლდება და ჩვენ გვექნება მხოლოდ ზომიერი, ეტაპობრივი და თანდათანობითი მატება, რათა მოვახერხებთ, პიკი მაქსიმალურად გადავავადოთ, გარკვეული პერიოდის, რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პიკი არც მივიღოთ და ეს ეტაპი მხოლოდ თანდათანობითი მატების ფონზე გავიაროთ. 10-დან 20 შემთხვევამდე ჯერ კიდევ არის ის პროგნოზული მატება, რომელიც კარგ მოსალოდნელ სცენარში გვქონდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ასცდა თუ არა პროგნოზს დაინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ახლა გვაქვს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში, მზაობა მიდის 3 700 საწოლამდე, მაგრამ საქართველო ასეთ მძიმე სცენარს არ ელოდება.
„ასეთ მძიმე სცენარს არ ველოდებით, მაგრამ სისტემის მზაობა შემთხვევების საკმაოდ ინტენსიურ გავრცელებაზეა გათვლილი. სისტემის მზაობა არის ძალიან კარგი და კიდევ მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ პრობლემები ამ კუთხით არ შეიქმნას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა საჩხერის საავადმყოფოში დაინფიცირებული ექიმი აღჭურვილი დამცავი საშუალებებით და რა ვითარებაში მოხდა ინფექციონისტის დაინფიცირება, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რთულია მსჯელობა, ინფექციის შიდა გადაცემა საავადმყოფოში მოხდა თუ რომელიმე სხვა გარემოში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პირადი დაცვის საშუალებების მოხმარების პრაქტიკა საკმაოდ მაღალია.
„ისევე, როგორც ყველა სხვა კლინიკაში, საჩხერის სამედიცინო ცენტრში პერსონალი მუდმივად აღჭურვილია და საკმაოდ კარგი ცოდნაც აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს დამცავი საშუალებების გამოყენება. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ მიუხედავად ამისა, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ფაქტები ყველა ქვეყანაში, ყველა სისტემაში და ნებისმიერ, ყველაზე მაღალი რანგის საავადმყოფოებშიც აღინიშნება. სამწუხაროდ, ამისგან დაცული არ ვართ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საჩხერის საავადმყოფო და პერსონალი სრულად არის მობილიზებული, რათა დახმარება განაგრძოს როგორც საეჭვო პაციენტებისთვის, ასევე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებისთვის.